ზუგდიდში 400-მდე აბონენტს გაზი გაუთიშეს, დავალიანების შემთხვევაში სხვებსაც შეუწყვეტენ

1016

ზუგდიდში ოჯახებს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ჩვეულებრივ მოუწევთ და მათ ეს გადასახადი არ გადაუვადდებათ, – ლაივპრესთან საუბარში განაცხადა “სოკარ ჯორჯია გაზის” ადგილობრივი სერვისცენტრის უფროსმა გიორგი დარსანიამ.

მისი თქმით, შესაძლო გადავადების შესახებ არაფერი უთქვამთ და ამ კუთხით სიახლე არ აქვთ.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ 18 მარტის მდგომარეობით, წინა თვის დავალიანება 3215 აბონენტს ჰქონდა. მათგან 2100-ზე მეტმა გაფრთხილების შემდეგ გადაიხადა და 420-ია დარჩენილი. 400-მდე აბონენტს გაზმომარაგება გადაუხდელობის გამო უკვე შეუწყვიტეს და ეს პროცესი დღესაც გაგრძლდება.

გიორგი დარსანიას თქმით, ისინი აბონენტებს ტელეფონითაც უკავშირდებიან, კორონავირუსის საფრთხის პირობებში აკითხავენ კიდეც ოჯახებს და აფრთხილებენ.

“თავიანთთვისაც ასე ჯობია, რადგან მერე განწილვადება, ეტაპობრივი გადახდა არ იქნება და დაუგროვდებათ ეს თანხები. ახლა ახალი აღრიცხვაც მოდის და უარესი იქნება. ძალიან კარგი იქნება მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ გადაიხადონ. ახლა აღრიცხვა დაიწყება 25-26-27 მარტს. ეს ხარჯები დაემატებათ და დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ. 12 რიცხვამდე უნდა გადაიხადონ. კომპანია აძლევს ვადას 18 რიცხვამდე. მერე ჩასაჭრელები ამოდის და დარეკვებს ვიწყებთ”, – აღნიშნა გიორგი დარსანიამ.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე მოსახლეობას დაეხმარონ. თუ როგორ, ჯერ უცნობია. მინისტრის განმარტებით, იყო საუბარი დენის ვაუჩერზე, თუმცა ამ კუთხით ჯერ არაფერი გადაწყვეტილა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.