ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები დარიგდა

30

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან მაკა მამარდაშვილთან და მოხალისეებთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს. მათ მოსახლეობას ვირუსის პრევენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ორენოვან ფლაერებსა და პლაკატებზე კორონავირუსის გადაცემის გზებსა და თვითიზოლაციის წესების შესახებ ყველა საჭირო ინფრომაციაა განთავსებული.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.