ნელი ხიზანიშვილი: კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება

1030

„კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტიდან ამ ეტაპზე მარნეულის კლასტერთან კონტაქტი არ იკვეთება. კახეთში კი ეპიდსიტუაცია სტაბილურია“, – ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საკარანტინო ზონა 6-დან 7-მდე გაიზარდა, სადაც 401 მოქალაქეა მოთავსებული. თვითიზოლაციაში კი 403 ადამიანი იმყოფება.

„ბოლო მონაცემებით, სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა 23 ადამიანს. 1 მოქალაქე საკარანტინო ზონიდან მაღალი ტემპერატურის გამო, გადავიყვანეთ თბილისში, ველოდებით ანალიზების პასუხებს. ამასთან, ორმა ადამიანმა მოგვმართა, რომლებიც არ იყვნენ თვითიზოლაციაში და ჩვენ ისინიც თბილისში გადავიყვანეთ“, – ამბობს ნელი ხიზანიშვილი.

ბოლო ინფორმაციით, თელავის და გურჯაანის საკარანტინო ზონაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

გუშინ, 23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებს განსაკუთრებულად გააკონტროლებენ.

ითქვა, რომ თელავის სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელთა ნაწილი, შესაძლოა, კავშირში იყო მარნეულის კლასტერთან, რადგან ადგილობრივი აგრარული ბაზარი მარნეულიდან მარაგდება.

ამასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ინფორმაციის მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.