ბოლნისის მერი: მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის, პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება დროულად ხდება

1151

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა გამოცხადებული კარანტინისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულია.

“ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის თითოეული თანამშრომელი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული, ისინი ყოველი ჩვენი მოქალაქის საჭიროებებს დროულად შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ. მუნიციპალიტეტში საკვების დეფიციტი არ არის და ცენტრალურ მთავრობასთან ერთად დროულად ხდება მუნიციპალიტეტისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მოწოდება. ამ ეტაპზე ოჯახის ექიმები სპეციალურ ჯგუფებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ, მათ ვისაც რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, გადაყვანილები იქნებიან მარნეულის ჰოსპიტალში, სხვა მოქალაქეებისთვის კი განისაზღვრება მკაცრი იზოლაციის წესები. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რათა საკარანტინო წესები და შეზღუდვები ზედმიწევნით შესრულდეს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. ხვალიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.