ზუგდიდის, ფოთის და სენაკის მერიები დისტანციურად იმუშავებენ

80

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის.

“გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას. შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა. დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად“, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან, ზუგდიდის მსგავსად, ფოთის მუნიციპალიტეტის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიებიც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადიან.

გადაწყვეტილება არ შეეხება ქალაქის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.