ქალაქ აბაშისა და 8 სოფლის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა სრულდება

53

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორი, გრიგოლ მანდარია წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და პროექტების მიმდინარეობის ტემპს ამჯერად სამეგრელოს რეგიონში გაეცნო.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელმა აბაშის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაათვალიერა, რომლის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

„რეგიონების წყალმომარაგებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციაა ჩადებული სახელმწფოს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით. ამ ეტაპზე, მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ვახორციელებთ, რომელთა უმეტესი ნაწილი, წელს უნდა დასრულდეს. მათ შორის, დასკვნით ეტაპზეა ქალაქ აბაშისა და 8 სოფლის წყლის სისტემების მოწესრიგება. 15 კმ სიგრძის მონაკვეთზე ძველი მაგისტრალური მილსადენი სრულიად ახალი ქსელით იცვლება. ასევე, შენდება ახალი სერვის-ცენტრი და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. პროექტის დასრულება კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ადგილობრივები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით და სტაბილური წყლის მიწოდებით უზრუნველვყოთ“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

„აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული მაგისტრალური მილსადენი ამორტიზებულია და წლებია რეაბილიტაციას საჭიროებდა. სიძველის გამო, ხშირი იყო ავარიული დაზიანებები. სამუშაოები აპრილში დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის არსებულ პრობლემებს.

პროექტის განხორციელებას, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 12 მილიონი ლარი მოხმარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.