აუდიტი: ზუგდიდის მერიის ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასის ფონდი ხელოვნურად არის გაზრდილი

155

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ზუგდიდის მერიის ა(ა)იბ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი… ასევე ხელოვნურადაა გაზრდილი ხელფასის ფონდი… ასევე დუბლირებულია ა(ა)იპ-ებს შორის ფუნქციები, – 2017-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიეტის ა(ა)იპებ-სა და შპს-ებში არაეფექტურ ხარჯვაზე წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში წერია, 2017 წლის დასაწყისიდან, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 21 ა(ა)იპ და 5 შპს. 2017 წლის ბოლოს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად ჩატარებული რეორგანიზაციით, ა(ა)იპ-ების რაოდენობა 12-მდე შემცირდა, რასაც უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც, მინიმუმ ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში. მიუხედავად ამისა, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა ზოგიერთი ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე 2017 წელს.

აუდიტის ცნობით, ახლადშექმნილი სუბიექტების ფუნქცია-მოვალეობები არ გაზრდილა და ხარჯები ძირითადად გაზრდილია დასაქმებულთა რიცხოვნობის მატებით. დოკუმეტში მოყვანილია მაგალითებიც.

დაუსაბუთებელი ხარჯვა ზუგდიდის მერიის ა(ა)იპ-ებში

აუდიტის ანგარიშსი საუბარია, რომ ხელოვნურად გაზრდილია სახელფასო ფონდი ორი ა(ა)იპ-ის გაერთიანების შემდეგ. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს რეორგანიზაციის საფუძველზე ა(ა)იპ − მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს შეუერთდა სამხატვრო და მუსიკალური პროფილის ოთხი ა(ა)იპ. 2017 წელს ხუთივე სუბიექტში დასაქმებული იყო სულ 142 მოსამსახურე და შრომის ანაზღაურება შეადგენდა 858.8 ათას ლარს. ადმინისტრაციული ხარჯების მოსალოდნელი შემცირების მიუხედავად, გაერთიანების შემდეგ ა(ა)იპ-ში დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა 5 ერთეულით, ხოლო „შრომის ანაზღაურების“ მუხლი – 38.3 ათასი ლარით.

აუდიტის ჯგუფი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის 22 ოქტომბერს გაეცნო ა(ა)იპ − მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე სასწავლო პროცესს. აღნიშნული მომენტისთვის სასახლის სასწავლო ცხრილით მეცადინეობის ჩატარება გათვალისწინებული იყო 7 სხვადასხვა სტუდიაში. დათვალიერებისას სწავლება 2 სტუდიაში არ მიმდინარეობდა. ამდენად, არსებობს რისკი, რომ სასწავლო ცხრილი ატარებს ფორმალურ ხასიათს და სრულად არ შეესაბამება ა(ა)იპ-ში რეალურად მიმდინარე სასწავლო პროცესს. შედეგად, პედაგოგების საათობრივი დატვირთვა და შესაბამისად, ხელფასის ფონდი გაზრდილია ხელოვნურად.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მერიაში ორი ა(ა)იპი გაერთიანდა, საშტატო ერთეული გაიზარდა.

2017 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა სპორტული პროფილის ორი ა(ა)იპ. ა(ა)იპ − ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის საშტატო რიცხოვნობა შეადგენდა 55 ერთეულს, ხოლო ა(ა)იპ − ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრში – 39 ერთეულს. აღნიშნული ორგანიზაციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების შესწავლით გაირკვა შემდეგი:

ა(ა)იპ − ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის 39 დასაქმებულიდან სხვადასხვა ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საქმიანობით დაკავებულია 25 პირი, ხოლო სამწვრთელო საქმიანობით – მხოლოდ − 14 პირი;

სახელმწიფო შესყიდვების სხვადასხვა პროცედურის განხორიელება დავალებული ჰქონდა, ერთდროულად, 3 პირს;

სამეურნეო საკითხებს აგვარებდა, ერთდროულად, 3 პირი;

საზოგადოებასთან ურთიერთობა ევალებოდა, ერთდროულად, 2 პირს;

ტურნირების ორგანიზებით დაკავებული იყო, ერთდროულად, 5 პირი.

2018 წელს განხორციელდა ქალაქისა და თემის ა(ა)იპ-ების გაერთიანება. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულთა რიცხოვნობა იყო არაოპტიმალური, ა(ა)იპ − ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საშტატო რიცხოვნობა ჯამური 94 ერთეულის ნაცვლად, 135 ერთეულამდე გაიზარდა. მათ შორის, სპეციალისტის თანამდებობაზე ორგანიზაციული კუთხით სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო 70 პირი და მათი ფუნქციები ისევ იდენტური იყო.

მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთება, რამ გამოიწვია საშტატო რიცხოვნობის მნიშვნელოვანი ზრდა და რატომ არ განხორციელდა გაუქმებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების ოპტიმიზაცია. საშტატო რიცხოვნობის დაუსაბუთებელი ზრდის გამო, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს შრომის ანაზღაურება გაზრდილია 237.0 ათასი ლარით.

ზუგდიდის მერიის მესამე ა(ა)იპ-ი, სადაც არაეფექტური ხარჯვა გამოვლინდა ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრია, სადაც 2018 წლის იანვრის მდგომარეობით დასაქმებული იყო 8 მოსამსახურე. თებერვალში საშტატო ნუსხა გაიზარდა 21 ერთეულით. კერძოდ, გაუქმდა იურისტის თანამდებობა და შეიქმნა იურიდიული სამსახურისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, სადაც დასაქმდა 5 პირი; შეიქმნა სასაწყობე, სამეურნეო და ზედამხედველობის განყოფილება – 8 საშტატო ერთეულით; შეიქმნა საფინანსო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება – 4 საშტატო ერთეულით და სხვ.

აღნიშნული განყოფილებების არსებობა ორგანიზაციის სპეციფიკით არ არის განპირობებული და ფუნქციურად დაუტვირთავია. წლის განმავლობაში ახლადდასაქმებულებზე სახელფასო ანაზღაურების სახით გაცემულია 95.8 ათასი ლარი.

მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები რამ გამოიწვია ა(ა)იპ – ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საშტატო რიცხოვნობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამდენად, 95.8 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა არ არის დასაბუთებული.

არაეფექტიანი ხარჯი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს-ებში

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ არაეფექტური ხარჯვა გამოვლინდა მერიის შპს-ებში.

აუდიტის ცნობით, 2018 წელს მუნიციპალიტეტი აფინანსებდა მის მიერ დაფუძნებულ შპს „ზუგდიდაგროსერვისს”. საწარმოს სუბსიდიის მუხლით მიღებული აქვს 219.2 ათასი ლარის დაფინანსება, რაც წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს შემდეგი გარემოებების გამო:

  • შპს „ზუგდიდაგროსერვისმა” ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ. შპს-ს 2018 წელს შესყიდული აქვს მხოლოდ ოფისის ფუნქციონირებისა და დასაქმებულთა გადაადგილებისათვის საჭირო მასალები/საწვავი. მიღებული დაფინანსების 93% მეტი დახარჯულია დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე. შესაბამისად, შპს-ს არ შეუსრულებია დებულებით განსაზღვრული ფუნქციები.
  • მუნიციპალიტეტი აფინანსებდა საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, რომლებიც ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა. მაგალითად, როგორც სხვა თვითმმართველ ერთეულებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც ფუნქციონირებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, რომელსაც დებულების შესაბამისად გააჩნია ფართო უფლებები სოფლის მეურნეობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტისა და მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით.76 მუნიციპალიტეტში ასევე არსებობს ფერმერთა მომსახურების ცენტრი, რომელიც აღჭურვილია სათანადო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. ამ შემთხვევებში შპს „ზუგდიდაგროსერვისისათვის” დუბლირებულია დებულებით განსზაღვრული შემდეგი ფუნქციები: აგროტექნიკური პროცედურების მომსახურება; აგრარულ საკითხებზე საკონსულტაციო-საგანმანათლებო მომსახურება;
  • მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა შპს „ზუგდიდაგროსერვისის” სხვა მიმართულებით საქმიანობას.

აუდიტის დასკვნაა, რომ მუნიციპალიტეტი 2017-2018 წლებში აფინანსებდა ისეთ სუბიექტებსა და საშტატო თანამდებობებს, რომელთა საქმიანობაც არ გამომდინარეობდა მუნიციპალიტეტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულების შესრულების საჭიროებიდან და არ შეესაბამებოდა საბიუჯეტო ასიგნებების რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის ვალდებულებებს. დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის დაგეგმვასა და კონტროლში არსებული სისუსტეების გამო, ზოგიერთი სუბიექტის ფუნქცია-მოვალეობები სათანადოდ არ არის განსაზღვრული ან/და საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად გაზრდილია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე მაგალითი, დაფუძნებულ სუბიექტებში კადრების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ და გარდა ზემოთ აღნიშნული მაგალითებისა, შესაძლოა, არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და სათანადო ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა მერიის შესაბამისი რეაგირება.