სამხარეო ადმინისტრაცია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყველაზე მეტი პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდა

489

წინა სტატია

შემდეგი სტატია

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა. პროექტების ოდენობამ 1061 შეადგინა – აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით სულ 4 800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტებში სულ 3 ათასზე მეტი საერთო კრება ჩატარდა და მოსახლეობამ ყველა პროექტი თავად შეარჩია.

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის გარდა, გასულ წელს, პროექტების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებამ 6 მლნ ლარი შეადგინა, თანხები კი შემდეგი კატეგორიების მიხედვით გადანაწილდა: გზების რეაბილიტაცია, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა, სასაფლაოს კეთილმოწყობა და სანიაღვრე არხების გაჭრა-გაწმენდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. პროექტების ჩამონათვალში მცირე ცვლილებები შევა და არსებულ კატეგორიებს გზისპირა მოსაცდელები დაემატება. კორექტივები დოკუმენტში, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, გასულ წელს შერჩეული პროექტების ანალიზის შედეგად და საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელსაღადგინა და შარშან მისი ბიუჯეტით, რომელიც 40 მილიონი ლარით განისაზღვრა, 4 808 პროექტი განხორციელდა.