ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინეს

557

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში გამოავლინეს.

“უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

დაბა ბაკურიანის ნაწილი ახალ 2020 წელს სასმელი წყლის პრობლემით შეხვდა.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, 31 დეკემბრიდან ბაკურიანში წყლის პრობლემა აბონენტების 20%-ს შეექმნა. ამის შემდეგ, 10%-ს წყალი განრიგით, დანარჩენ 10%–ს კი სპეციალური მანქანებით მიეწოდებოდა.