3-წლიანი დაპირების შემდეგ, ჭიათურის საბაგირო, შესაძლოა, 2020 წელს დასრულდეს

1118

რამდენიმეწლიანი ლოდინის მიუხედავად, ჭიათურაში საბაგირო, რომელიც გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, დღემდე ტექნიკურად გაუმართავია და ადამიანებს ძველი „მფრინავი ტრანსპორტით“ უწევთ მგზავრობა. პროექტის ხელმძღვანებელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ჭიათურის საბაგიროზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს თუმცა, შესაძლოა 3-წლიანი დაპირება, ისევ დაპირებად დარჩეს და პროექტი დათქმულ 2020 წლის მარტშიც ვერ დასრულდეს.

ჭიათურის საბაგიროს რესტავრაცია 2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დაგისკმა“ დაიწყო. ხოლო  რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ – „პომაგალსკიმ“ (Pomagalski) უზრუნველყო, რომელსაც ხელშეკრულება სახელმწიფოსთან ჰქონდა გაფორმებული. „პომას“ ვალდებულება იყო ჩამოეტანა ლითონის კარები, გონდოლები და სხვა მექანიზმები. საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა შეიძინეს. ამხანაგობა „დაგისკთან“ ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულია, ასევე ფრანგული კომპანია „ესკაბელი“,  რომელიც უშუალოდ საბაგიროსთან დაკავშირებულ დეტალებზე მუშაობს.

ოფიციალური ინფორმაციით, საბაგიროს ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს უნდა დაეწყო, თუმცა როგორც „კომერსანტს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღმა 2018 წლის ზაფხულამდე გადაიწია, ბოლოს კი დასრულების ვადად 2019 წლის მაისი დასახელდა, თუმცა ჭიათურლები განახლებული საბაგიროთი ამ დრომდე ვერ სარგებლობენ.

პროექტის გაჭიანურების მიზეზებზე  საბაგიროს პროექტის მენეჯერი ოთარ ჩიკვაიძე საუბრობს.  მისი თქმით, პროექტი დათქმულ ვადებში კონტრაქტორი კომპანიების ჩანაცვლების გამო არ დასრულდა.

„ძირითადი სამუშაოები, რომელიც მშენებლობას ეხებოდა დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს, კაბელების მონტაჟი.  ჩვენი გათვლებით 2020 წლის მარტია ბოლო ვადა, რომელიც პროექტის დასრულების დროდ განისაზღვრა. მიზეზი, თუ რატომ გაჭიანურდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, არის კომპანიების ჩანაცვლება. ჩვენ თავიდანვე გვყავდა ბაგირების დამჭიმავი უკრაინული კომპანია, „პოლტავასკი“.  „პომამ“ კი საკუთარი სურვილის მიხედვით ფრანგული კომპანია „ესკაბელით“ ჩაანაცვლა. სწორედ ამ ჩანაცვლების  გამო გააჭიანურდა პროექტის დასრულების პროცესი.  რაც შეეხება დასრულებას, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის ელექტროენერგიის გათიშვა, რასაც ვერ გამოვრიცხავთ, ასევე გასათვალისწინებელია დანადგარი, რამდენად სწრაფად იმუშავებს.  (ზოგ ხაზზე სწრაფად მუშაობს,  ზოგზე შედარებით ნელა.)  ესეც უსაფრთხოების ნორმებიდან გამომინარეობს,“-ამბობს ოთარ ჩიკვაიძე.

შეცვლილი კონტრაქტორი კომპანიის მიუხედავად, არ შეცვლილა საინვესტიციო თანხა და ის ისევ 40 მილიონი ლარია.

„ჭიათურის საბაგირო 2020 წლის გაზაფხულზე ნამდვილად დასრულდება,“ -ამის შესახებ „კომერსანტს“  შპს. ჭიათურის გზების ხელმძღვანელმა რამაზ ყიფშიძემ განუცხადა.

„სამუშაოები დასასრულისკენ მიდის, მხოლოდ ბაგირების გაჭიმვის ეტაპზეა მისული პროცესი. წესით არავითარი სემაფერხებელი მიზეზი აღარ უნდა იყოს რაც რეაბილიტაციას ეხება და ობიექტი 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სამუშაო პროცესში ფრანგი კონტრაქტორი კომპანიები არიან ჩართულები. ერთი სადგურია მხოლოდ დარჩენილი, მუხაძის ზედა სადგური, სადაც სამუშაო მიმდინარეობს და მოკლე  დროში დასრულდება.“-ამბობს რამაზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ მთლიანად ჭიათურის საბაგირო გზის სიგრძე 3428 მეტრია, აქედან სანატორიუმის მიმართულებით – 862 მეტრი, ნაგუთის – 1081 მეტრი, ლეჟუბანის – 845 მეტრი, ხოლო მუხაძის მიმართულებით 640 მეტრი.  ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია ჯორჯიან მანგანეზს ეკუთვნის.  საბჭოთა კავშირის პირველი სამგზავრო საბაგირო გზა ჭიათურაში ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის 1954 წელს აშენდა.