ქუთაისის მერია სადარბაზოების კეთილმოწყობას სრულად აღარ დააფინანსებს

144

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს სადარბაზოების კეთილმოწყობა ნაწილობრივ საკუთარი ხარჯებით მოუწევთ. სარემონტო სამუშაოებს, რომლებსაც ქუთაისის მერია სრულად ანაზღაურებდა, ახლა მხოლოდ  95%–ით დააფინანსებს. დარჩენილი 5% მოსახლეობამ თავად უნდა გადაიხადოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სანაცვლოდ, მერია იმ პროექტებს დაამზადებს, რომლის მიხედვითაც კორპუსებში სადარბაზოები უნდა გარემონტდეს.

პროგრამაში შესაბამისი  ცვლილება მომავალი წლიდან შევა. საბინაო  სამსახურმა უკვე მიმართა მერიას, რათა  სამუშაოების პროექტირების ხარჯები 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიერ წარდგენილი პროექტები ხშირად საჭიროებდა კორექტირებას, ამიტომ უმჯობესია, მათი შედგენა მერიამ  უზრუნველყოს.

“პროექტები ხშირ შემთხვევაში არ იყო გამართული, ხშირად საჭიროებდა კორექტირებას, ჩასწორებას და  შესასრულებლად იყო რთული. ამიტომ,  მერიამ გადაწყვიტა ტენდერის გზით თვითონ უზრუნველყოს მათი დამზადება. ის 5%, რასაც სამუშაოებში გადაიხდის მოსახლეობა, არის თითქმის იგივე თანხა, რაც მათ პროექტის დამზადება უჯდებოდათ“, – ამბობს საბინაო სამსახურის წარმომადგენელი,  კობა ჯაბუა.

სადარბაზოებში სარემონტო სამუშაოების პროექტების დასამზადებლად საბინაო სამსახური  დამატებით 400 000 ლარს ითხოვს. ქუთაისის მერია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების“ პროგრამებისთვის ამ დრომდე 700 000 ლარს ხარჯავდა.

ეს ერთ–ერთი შენიშვნაა, რაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში რეკომენდაციის სახით ჩაიწერება. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელს შესწორებებისთვის უკვე გადაეგზავნა.