ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი გაუარესდა

657

წინა სტატია

ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი გაუარესდა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როცა ამავე ორგანიზაციის მიერ 2019 წლის ივლისში გამოქვეყნებული კვლევით, თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად 48% აფასებდა.

გაზრდილია იმ გამოკითხულთა რაოდენობაც, რომლებიც თვითმმართველობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. თუ 2019 წლის ივლისის კვლევით, მუნიციპალიტეტების მუშაობას უარყოფითად გამოკითხულთა 44% აფასებდა, ამჯერად, ეს მონაცემი 48%-მდეა გაზრდილი.

IRI-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი მზარდი იყო.

ბოლო ოთხწლიან პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ყველაზე ცუდად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას რესპონდენტები 2016 წელს აფასებდნენ – ამ წელს თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი რეკორდულ ნიშნულამდე – 27%-მდე ჩამოვარდა.

2016 წლის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის რეიტინგი ნელ-ნელა იზრდებოდა. 2017 წელს ის 10%-ით გაუმჯობესდა, 2018 წელს – 6%-ით, ხოლო 2019 წლის ივლისში – 5%-ით.

ოთხწლიან პერიოდში თვითმმართველობის ნდობის რეიტინგი პირველად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ის კვლავ მთავრობასა და პარლამენტზე უკეთეს შედეგს ინარჩუნებს.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.