ადგილობრივი თვითმმართველობა მთავრობასა და პარლამენტზე უკეთ მუშაობს, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის ანგარიშში წერია.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებისა და ინსტიტუციის მუშაობას, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როცა მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 37% აფასებს.
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცუდად მუშაობს. რაც შეეხება მთავრობისა და პარლამენტის საქმიანობას, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო რთულადაა – მთავრობის საქმიანობას უარყოფითად 58%, ხოლო პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად 61% აფასებს.
თვითმმართველობის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს გამოკითხულთა 6%, მთავრობის საქმიანობის შეფასებისგან 5%, ხოლო პარლამენტის საქმიანობის შეფასებისგან 2%.
კიდევ უფრო მძიმედ აფასებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობას. გამოკითხულთა მხოლოდ 27% აფასებს ადმინისტრაციის საქმიანობას დადებითად, ხოლო 70% – უარყოფითად. გამოკითხულთა 3%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.
კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით.