ხოჯევანიშვილი: ქარელში აფეთქების შედეგად დაზიანებულ შენობას დაჩქარებულ რეჟიმში აღადგენენ

67

წინა სტატია

ქარელში დაზიანებული შენობის აღდგენა დაჩქარებულ რეჟიმში მოხდება, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ქარელში, დევნილთა დასახლებაში ყოფნისას განაცხადა.

ხოჯევანიშვილის თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგენას ექვემდებარება და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა უკვე დაწყებულია.

“ადგილზე გავეცანით ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის არც ერთ ოჯახს არ აქვს განთავსების პრობლემა, რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები და დაჩქარებულ რეჟიმში მოხდება აღდგენა. შესაბამისად, ყველა მოსახლე უსაფრთხო გარემოში დაუბრუნდება თავის ბინას. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოკეთდება”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.