ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1.8 მილიონი ლარი იხარჯება

1023

წინა სტატია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტულ ინფრასტრუქტურას აწესრიგებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.8 მილიონი ლარია.

პროექტი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. აგრეთვე, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების,  ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.

“ბოდბეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევს ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. დღეის მდგომარეობით, ტურისტები და მომლოცველები  ავტოტრანსპორტს  აჩერებენ მონასტრის წინა მოედანზე. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნება საცობი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის იანვარში დასრულდება’, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.