ახალციხის სოფელ აწყურში კორპუსს სახურავი, ასევე, კანალიზაციისა და წყლის სისტემა არ აქვს

42

ახალციხეში,სოფელ აწყურში ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია. მათგან არც ერთ შენობას არ აქვს შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემა. დაზიანებული სახურავიდან კი წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

აწყურში ორ საცხოვრებელ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს. თითოეული მათგანის სახლში, წვიმის დროს, წყალი ჩადის. არცერთ ოჯახს არც საკანალიზაციო და არც წყლის სისტემა აქვს.

„მომავალ წლამდე დაგვილპება ოთახები“, – ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი ირინა მაღრაძე.

ირინას საძიენებელ ოთახში ჭერზე რამდენიმე ადგილზე წვიმის წყლის ლაქებია, შიგადაშიგ კი ნალესია ჩამოყრილი.

კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები კი ყოველი წვიმის დროს სველდება. აქ მცხოვრებლები მაქსიმალურად ფრთხილობენ, რომ სველზე ფეხი არ დაუცდეთ. წვიმისა და თოვლისაგან კიბეების ნაწილს დამპალი ხის ფიცრები ფარავს, ნაწილს კი ფიცრებიც აღარ აქვს.

კორპუსის მცოხვრებლებს ჭურჭლის რეცხვა ჯამებში უწევთ, ნარეცხ წყალს კი ეზოში აქცევენ.

„დასარეცხ ჭურჭელს სახლში ვრეცხავთ, ნარეცხ წყალს კი გარეთ ვაქცევთ. საპირფარეშოები ყველა ოჯახს თავისი აქვს, მაგრამ – ეზოში“, – გვითხრა მადონა ნაზარეთიანმა.

„ჭერიდან წყალი კი ნიაღვრად ჩამოდის. გინდ ეზოში უწვიმია, გინდ სახლში“, – გვეუბნება მადონა ნაზარეთიანი და ამატებს, რომ მეორე სართულზე თუ ვედროს ან ჯამს არ შეუდგამენ, წვიმის წყალი პირველ სართულზეც ჩადის: „მომზადებულები ვართ ვედროებით, პირველ სართულსაც რომ არ გაუფუჭოს რამე“.

მოსახლეობის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართეს, სახურავის პრობლემის მოსაგვარებლად. პასუხად კი წერილი მიიღეს, სადაც ეწერა, რომ მათი თხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ რა ვადაში და როდის, უცნობია.