ექსპერტები: გახარიას განცხადება ჩანასახოვან მდგომარეობაშივე კლავს დეცენტრალიზაციის პერსპექტივას

2580

წინა სტატია

ეკატერინე ბასილაია

8 სექტემბერს, ახალი მთავრობის დამტკიცებისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეისათვის თვითმმართველობებს, დიდ უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული და ახლა ბალანსის დაცვაა საჭირო, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სერიოზული რისკები იქმნება, „კომპეტენციის, კორუფციის და კიდევ ბევრი რამის“.

ახლად დამტკიცებული პრემიერმინისტრის ამ განცხადებას თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტები აფასებენ და ამბობენ, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება ცდილობს, რეალურ დეცენტრალიზაციის შეუშალოს ხელი, რადგან ცენტრალური ხელისუფლებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს ძალაუფლების, რეგიონზე გავლენის დაკარგვის ირაციონალურ საფრთხეს და ახლა გახარიას განცხადება ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი კლავს დეცენტრალიზაციის პერსპექტივას.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც წელიწადნახევარია, მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობს და დაანონსებულია, რომ სექტემბრის ბოლოს მოხდება მისი დამტკიცება, დღეს გახარიას ეს გზავნილი ძალიან ცუდი მესიჯია.

მისი თქმით, გაუგებარია, რა მონაცემებს დაეყრდნო გახარია, როცა თქვა, რომ, თურმე, საკმაოდ ბევრი უფლებამოსილება და ფინანსები აქვთ მუნიციპალიტეტებს.

ირაკლი მელაშვილი: „ძალიან რთულია თქვა, რომ თვითმმართველობებს დიდი უფლებამოსილებები აქვთ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა თვითმმართველობაში წყალი ფუჭდება, იმის უფლებამოსილებაც არ აქვთ, რომ ამაზე რაიმე ზემოქმედება მოახდინონ… ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული ილუზიის კიდევ ერთხელ დადასტურებაა ის, რომ, თურმე, სოფლის მოსახლეობისთვის საჭირო სერვისების ხარისხიანად მიწოდებაში თბილისში, მთავრობაში მომუშავე ჩინოვნიკი უფრო იქნება დაინტერესებული, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც სოფელში ცხოვრობს და რომელმაც თავად უნდა მიიღოს ეს სერვისები.

ძალიან უცნაური ფრაზა ითქვა, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ დეცენტრალიზაციის გზით, მაგრამ ძალიან ნელა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან ნელა განვითარდება ქვეყანა, ძალიან ნელა განვითარდება სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ნელა გაუმჯობესდება ჩვენს დასახლებებში ადამიანების საყოფაცხოვრებო პირობები, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია თვითმმართველობების განვითარებასთან.

ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და  ძალიან ცუდი ტენდენცია, თუ ამ მიმართულებით წავალთ, რომ ძალიან ნელა უნდა გავატაროთ თვითმმართველობის რეფორმა, რომლის გაუტარებლობამ 30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა საქართველოს და ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეაფერხა“.

მელაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მთავრობა კვლავ იმყოფება იმ ილუზიაში, რომ 3 500 დასახლების პრობლემას თბილისიდან მოაგვარებს და, რომ თბილისში უკეთ იციან, რა უნდა სოფელს.

„როდესაც კომპეტენციებზეა საუბარი, მთელ საქართველოში დავდივარ და ძალიან კარგად ვხედავ, რომ ადგილზე ბევრგან არის ბევრი კომპეტენტური ადამიანი, რომელთა კომპეტენცია ხშირად ბევრად აღემატება ცენტრალური ხელისუფლების ძალიან ბევრი ჩინოვნიკის და  მათ შორის, მინისტრების კომპეტენციასაც იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ადგილებზე გასაკეთებელი,“- ამბობს მელაშვილი.

გახარიას მინიშნებას, რომ თვითმმართველობებში კომპეტენციის პრობლემა და კორუფციის უფრო დიდი რისკებია, არ ეთანხმება „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი კოკა კიღურაძე.

კიღურაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტი კომპეტენცია ადგილებზე აქვთ, იმიტომ, რომ ადგილზე უფრო ხედავენ, რა პრობლემები აქვთ და იციან, რა სჭირდებათ, ვიდრე თბილისში, კაბინეტებში მსხდომ ჩინოვნიკებს.

კოკა კიღურაძე: „ადგილზე ადამიანი, ვისაც წყალი არ აქვს, გზა არ აქვს, საბავშვო ბაღი ცუდ მდგომარეობაში აქვს, ყოველდღიურად ხვდება ამ პრობლემებს და ამის გადასაჭრელად მას სჭირდება უფლება, ქონება და ფული. ეს სამი რამ სჭირდება, რომ ადგილზე საკუთარი საჭიროებები გადაწყვიტოს. ცენტრალური ხელისუფლებისთვის კი ქონების, ფულისა და უფლებების გადაცემა ნიშნავს საკუთარი გავლენების დაკარგვას ადგილობრივ დონეზე. სწორედ ამიტომაც იფარებენ ფარად, თითქოსდა, იქ დაბალი კომპეტენციაა.

„რაც შეეხება კორუფციულ რისკებს, ცენტრალურ დონეზე, ანუ იქ, სადაც ბევრი ფული და ბევრი ქონებაა, უფრო დიდია კორუფციის რისკი, ვიდრე ადგილობრივ დონეზე.

უფრო მეტიც, ადგილობრივ დონეზე უფრო მაღალია საზოგადოების ზედამხედველობა, ანუ, მოქალაქეებს უშუალო შემხებლობა აქვს თავის მიერ არჩეულ მერთან, ამიტომაც ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო დაცულია კორუფციის რისკებისგან, ვიდრე – ცენტრალური. ეს ბუნებრივად ხდება და არა იმის გამო, ეს გახარიას უნდა თუ არა,“- აღნიშნავს კიღურაძე.

გახარიას განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცებას ხელი შეეშალოს? – კიღურაძე პასუხობს, რომ სტრატეგია შეიძლება დამტკიცდეს, მაგრამ რეალურად არ ამოქმედდეს.

„ჩვენი მიზანია არა დამტკიცება, არამედ სტრატეგიით გათვალისწინებული ფინანსების, ქონების, უფლებამოსილებების გადაცემის უფლების პრაქტიკაში განხორციელება და ამ ნაბიჯების განხორციელებას აუცილებლად შეექმნება პრობლემა გახარიას და მთავრობის ასეთი დამოკიდებულების გამო, რომ, თურმე, გადაცემული უფლებების და ფინანსების დახარჯვა პრობლემაა ადგილზე და ამიტომ მეტი არ უნდა გადასცენ. ეს დამოკიდებულება ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესს შეაფერხებს. გახარიას განცხადება ჩანასახოვან მდგომარეობაშიც კი კლავს დეცენტრალიზაციის პერსპექტივას”.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ მთავრობაში დეცენტრალიზაციის მიმართულებით პოლიტიკა არ იცვლება. იგივე განცხადებები ჰქონდა თავის დროზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც და შემდეგ – მამუკა ბახტაძესაც და როგორც ჩანს, მიდგომა ახლაც იგივე რჩება.

კოტე კანდელაკი: „მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე წელიწადზე მეტია მუშაობს, ის ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, რაც მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღების კუთხით სიფრთხილეს იჩენს. სამწუხაროდ, ძალიან მცირე უფლებამოსილების დელეგირება მოხდა მუნიციპალიტეტებისთვის – მხოლოდ საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება  და ჯერჯერობით, ამით შემოიფარგლა ცენტრალური ხელისუფლება.

უამრავი სტრატეგია დამტკიცებულა ამ 25 წლის განმავლობაში დეცენტრალიზაციის მიმართულებით, მაგრამ არც ერთი არ შესრულებულა. ალბათ, ეს სტრატეგიაც ქაღალდზე დამტკიცდება. შეიძლება, კარგი რამეებიც ჩაიწეროს შიგნით, მაგრამ 2020 წლის არჩევნებამდე, რა თქმა უნდა, ამის აღსრულების დაწყება არ მოხდება.

სამოქმედო გეგმის პროექტშიც კი არაფერი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. სანამ საბოლოო ვერსია არ იქნება, ლაპარაკი რთულია, მაგრამ დიდი ალბათობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიას სადღეგრძელოს დონეზე მიიღებენ, თუმცა, მის განხორციელებას არ უნდა ველოდოთ. 2020 წლის შემდეგ ახალი პარლამენტი და ახალი მთავრობა რას იზამს, ეს უკვე მის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. დიდი იმედებით არც 2020 წლის შემდეგ უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკურ ელიტას, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, დეცენტრალიზაციის მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები არ გადაუდგამს“.