ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ უძველესი კომპლექსური ნაგებობის ნაშთები აღმოაჩინეს

60

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დავითიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოს სიახლოვეს კომპლექსური ნაგებობათა ნაშთები აღმოაჩინეს. ზუგდიდის მერიაში მიიჩნევენ, რომ ისტორიულ-არქეოლოგიური ობიექტია.

ამჟამად ობიექტი მთლიანად ეკალ-ბარდითაა დაფარული, მაგრამ ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, ძირითადი ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული ობიექტების გავრცელების არეალი.

“კომპლექსი შედგება ნაეკლესიარის ე. წ. “ნაოხვამუს“, საფორტიფიკაციო მცირე ნაგებობის – “ჯიხას“ და გალავნის კედლებისგან. მთავარი, ცენტრალური შენობა (ნაეკლესიარი) რიყის ქვითა და კირქვის კონგლომერატით არის ნაგები.

როგორც ჩანს, ის თავის დროზე მოპირკეთებული ყოფილა თლილი კირქვის საპერანგე ქვებით. ამ ეტაპზე არსებული საპერანგე ქვები, დეკორის გარეშეა წარმოდგენილი და სადაა,” -აცხადებენ ზუგდიდის მერიაში. 

მერიაში მიიჩნევენ, რომ აღმოჩენილი ძეგლი, ისტორიულ-არქეოლოგიური ობიექტია და სასწრაფოდ საჭიროებს, როგორც გაწმენდით, ასევე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას, რაც ზუსტად განსაზღვრავს ძეგლის დანიშნულებას, გავრცელების არეალს და ქრონოლოგიურ კუთვნილებას.

მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ძეგლის აღმოჩენის შესახებ, შემდგომი ექსპერტიზისა და სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით ეცნობება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.