ადიგენში სოფლების დამაკავშირებელი გზებს რეაბლიტაცია ჩაუტარდება

843

ადიგენში, არალი-წარბასთუმნის, ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის და ლელოვანი-სამყური-ღორძის დამაკავშირებელი გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

არალი-წარბასთუმნის გზის სარებილიტაციო მონაკვეთი 2 კილომეტრსა და 700 მეტრს შეადგენს. ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზაზე სარეაბილიტაციოა 4 კილომეტრი, ხოლო ლელოვანი-სამყური-ღორძის გზაზე რეაბილიტაცია 2 კილომეტრსა და 45 მეტრზე ჩატარდება.

სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მომზადება უკვე მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „არიში“ 39 500 ლარად ასრულებს.

კომპანიას პროექტირებისათვის ვადა სულ 150 დღე აქვს, თითეულ ობიექტზე – 50. პირველ ეტაპზე მას დოკუმენტები არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის უნდა მოემზადებინა, რომელიც 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გადაწევა 15 აგვისტომდე ითხოვა. სანაცვლოდ, იგი გეგმავს, რომ სამივე ობიექტის პროექტირებას აგვისტოს ბოლომდე დაასრულებს.

„ჩვენ მიერ ადგილზე ჩამოსვლისა და ტერიტორიების შესწავლის შემდეგ მთლიანად იქნა დამუშავებული სამივე ობიექტის წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები. ვინაიდან განრიგით გათვალისწინებულია არალი-წარბასთუმნის გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2019 წლის 26 ივლისის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი ორი ობიექტის 2019 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაგვიგრძელოთ ვადა პირველი ობიექტის (არალი წარბასთუმანი) საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად 20 დღით. რის შემდეგაც ჩვენს მიერ დარჩენილი ორი ობიექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც წარმოდგენილი იქნება ნაცვლად 4 ნოემბრისა აგვისტოს ბოლოსათვის“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციის დანართში.

ჩასატარებელი სამუშაოების მიხედვით, სამივე ობიექტზე მოსაწყობია რკინაბეტონის არხები, კიუვეტები, გზის სამაგრი რკინა ბეტონის კედლები, დამცავი ბარიერები, წყალგადამყვანი მილები და სხვა საგზაო საინჟინრო ნაგებობები.