ახალქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხები განიხილეს

1100

ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის – საქართველოს მედია-კლუბის წარმომადგენლებმა მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხები განიხილეს.

პროექტი, რომელიც ახალქალაქში ხორციელდება, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვას, რისთვისაც დაგეგმილია თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა გადამზადება, აგრეთვე, საჭირო ნორმატიული ბაზის შემუშავება და დამტკიცება.

შეხვედრას ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, მერის მოადგილე შალვა ბალახაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი ედუარდ აღასარიანი ესწრებოდნენ. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათთვის საინტერესო გამოწვევაა ამ პროექტის განხორციელება, ვინაიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთვება.

პროექტის კონულტანტის, ირაკლი მელაშვილის თქმით კი, მუნიციპალიტეტს სრული შესაძლებლობა ექნება, გააანალიზოს ყველა ის მოდელი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია დანერგილი და სწორედ ის მოდელი შეარჩიოს, რომელიც ახალქალაქისთვის უფრო მეტად მისაღები იქნება. “ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე მოდელს, გადაწყვეტილებას კი, რომელი ურჩევნიათ, ცხადია, თავად მიიღებენ. ამასთან, გადავამზადებთ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამშრომელს იმისათვის, რომ მათ ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა განახორციელონ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, როგორ უნდა იურთიერთონ მოსახლეობასთან იმისათვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ პროცესში. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტთან ერთად, შევიმუშავებთ ნორმატიულ ბაზას, რომელიც პროექტის მდგრადობისთვის აუცილებელია”, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ირაკლი მელაშვილმა.

პროექტი, რომელსაც საქართველოს მედია-კლუბი 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ – ფარგლებში მიმდინარეობს.