გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბათუმში, საპილოტე ტერიტორიაზე საპარკინგე პოტენციალის კვლევაზე მუშაობა დაიწყო.
„საპილოტე ტერიტორიაზე დავიწყებთ პარკირების სისტემის მდგრად განვითარებას, რაც გულისხმობს დაგეგმვისა და აღსრულების ოპტიმალური მექანიზმის დანერგვას“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა პროექტის – „პარკინგის მართვის კვლევა ბათუმის საპილოტე ტერიტორიაზე“ ფარგლებში.
მისივე თქით, მერიამ ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო.
“ახალი საპარკინგე სივრცეების შექმნასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ საპილოტე პროგრამაზე მუშაობა. გამოწვევების საპასუხოდ, საერთაშორისო და საკონსულტაციო ორგანიზაციებთან ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ამ მიმართულებით არ შეექმნათ დისკომფორტი როგორც ჩვენს თანაქალაქელებს, ასევე, ქალაქის სტუმრებს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე წარდგენილი იყო კვლევის პირველადი შედეგები, ასევე, იმსჯელეს საპილოტე ტერიტორიაზე პარკინგის დიზაინის შემუშავების თაობაზე.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, უკვე დაწყებულია მზადება საპილოტე ტერიტორიაზე პარკინგის დიზაინის შემუშავებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია სატრანსპორტო საშუალებებისთვის საპარკინგე ტერიტორიაზე უსაფრთხო და ეფექტური წვდომა. მისივე განცხადებით, ურბანული განვითარების კუთხით, ავტოსადგომი არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც გლობალური პრობლემაა, რაც ავტომობილების მატებამ გამოიწვია.
სამუშაო შეხვედრას ბათუმის მერიის, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ITP-სა და ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანია STS-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ველოსიპედით გადაადგილების გენერალურ გეგმის, „ფეხით გადაადგილების“ კონცეფციის (Walkability concept), „უსაფრთხო გზა სკოლამდე“ სახელმძღვანელოს მომზადებაზე. პროექტი ხორციელდება რეგიონულ პროგრამასთან „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში” (Mobility4Cities) თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.