ზესტაფონში სასმელ წყალს დამატებით 1500 აბონენტი მიიღებს

1224
თბილისი gwp

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საყავრია-კირკის უბნის წყლით მომარაგების პროექტის ფარგლებში დამატებით 1500 აბონენტი მიიღებს სასმელ წყალს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 300 არაგველის ქუჩაზე მთავარი რეზერვუარის მოწყობას და ქსელის განახლებას ითვალისწინებდა, საიდანაც აბონენტებისთვის წყლის მიწოდება უნდა მოხდეს.

“რეაბილიტაციის შედეგად, 32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე სრულიად ახალი ქსელი მოეწყო. მასშტაბური წყალმომარაგების პროექტი აზიის განვითარების ბანკის და ევროპის საინვესტიციციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია. საყავრია-კირკის უბნის მაცხოვრებლებისთვის, წყლის მიწოდება ეტაპობრივად, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ მერიაში.

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, მისმა მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, წყლის მთავარი რეზერვუარი დაათვალიერეს, რომელიც აბონენტებისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„საყავრია-კირკის უბანში მცხოვრებ მოსახლეობას, დაახლოებით 40 წელია, არ მიეწოდებოდა ცენტრალიზებულად სასმელი წყალი. პროექტი, რომელიც აღნიშნულ დასახლებაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა, თავისი მასშტაბებით, მეტად მნიშვნელოვანია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო. ეს გახლდათ მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების პროექტის მეორე ეტაპი. პროცესი გრძელდება“, – განაცხადა გოგლიჩიძემ.