ანთიძე: უშგულში ჩამოშლილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღდგენას ექვემდებარება

171

წინა სტატია

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გუშინ ჩამოიშალა, აღდგენას ექვემდებარება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, უშგულში ოცდაათამდე ობიექტის პროექტირება იგეგმება და მათ შორის იქნება აღნიშნული კოშკიც.

“ასეთი პროცესები მუდმივად ხდება სამწუხაროდ. თუმცა ექვემდებარება აღდგენას და არსებობს მთელი რიგი მასალები, რათა დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე. შარშანწინაც ჩამოინგრა ჩარკვიანების კოშკი უშგულში და დავიწყეთ რეაბილიტაცია. ჩვენ პერმანენტულად ვმუშაობთ ჩაჟაშში, სადაც 30-მდე ობიექტი კეთდება წელს. ასევე, 30-მდე ობიექტის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სწორედ მათ შორის არის უშგულში გუშინ ჩამოგრეული კოშკიც“,- ამბობს ანთიძე.

უშგულში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ტარიელ ჩარქსელიანის კოშკი გუშინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში 2019 წლის ბოლომდე მესტიის რამდენიმე თემში 10 საგვარეულო მაჩუბი, 8 კოშკი და 2 არქიტექტურული კომპლექსი აღდგება. შესაბამისი ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.