რატომ დაემუქრნენ ჯარიმებით დიდი მამულების მქონე ტფილისელებს და რატომ სცემეს ბარონი ტიზენჰაუზენი კახელმა ქალებმა 1879 წლის ზაფხულში…

4183

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ავტორიირმა სინაურიძემაყაშვილი

“როგორი უნდა იყოს ქალაქის თავი და როგორი თავი გვეჭირვება ახლა საკუთრივ ჩვენ?” – ერთნი ამბობენ, რომ ქალაქის თავს არ შეუძლია, ყველგან გაწვდეს ქალაქსაო, არ შეუძლია, ბაზარსაც მიაქციოს ყურადღება, კანცელარიაშიც იმუშაოს, უმაღლეს მთავრობასთანაც დაიჭიროს საქმე. ქალაქის თავის მოვალეობა მხოლოდ ის არის, რომ ქალაქის წარმომადგენელი იყოს მთავრობასთან, შუამავალი იყოს ჩვენსა და მთავრობას შორის და ქალაქელებს სჯეროდეთ მისი… მეორენი ამტკიცებდნენ, ქალაქის თავი უნდა იყოს პრაქტიკული, გამოცდილი კაცი, ბაზრის მცოდნე, აღებ-მეცემობაში ესმოდეს რამე. ქალაქში საშინელი ძვირობაა და უშველოს ამ საქმესო… ჩვენის აზრით, ერთნიც და მეორენიც შემცდარნი არიან. ამისთანა ცალმხრივი თავი არ უნდა იყოს ჩვენთვის იდეალი ქალაქის თავისა.

დიმიტრი ყიფიანი, ტფილისქალაქის თავი 1879 წელს

ქალაქს ესაჭიროება ახლა ისეთი თავი, რომელიც ბაზრის მცოდნეც იქნება, ვაჭრობის საქმესაც გაუძღვება, მთავრობასთან საქმის დაჭერაც არ გაუჭირდება და ყველას წინაშე დაიცავს ქალაქის ინტერესებს. საჭიროა მარჯვე, მხნე კაცი, რომელსაც მუდამ და ყოველთვის ქალაქის კეთილდღეობა და სარგებლობა ექნება მხედველობაში. ბაზარში ყურის საგდებად ბაზარნიკები არიან, კანცელარიაში – ქალაქის სეკრეტარი და წევრი, ქუჩებსა და მოედნებს თავისი ზედამხედველი ჰყავს, მაგრამ ყველა ამათი ზედამხედველი, ყველაფრის ყურისმგდებელი, განკარგულებისა და მიმართულების მიმცემი უნდა იყოს პირველი კაცი ქალაქისა, ე.ი. ქალაქის თავი. იგი არის პატრონი ქალაქისა, მთელი ქალაქი მას ანდობს თავის ბედს, ყველა იმას შესცქერის, ყველაფერი იმან უნდა იცოდეს. ყველგან უშველოს ქალაქს, სადაც შველა და დახმარება სჭირდება. აი, ამისთანა ქალაქის თავი გვჭირდება ჩვენ. მაგრამ სად არის? მოიძებნება, თუ მოვძებნითო!

ქალაქის გამგეობას შეუტყვია, ტფილისში, ზოგიერთი დიდი გაუშენიანებელი მამულების მეპატრონეები – თუმანოვები, ერისთავი, გაბაშვილები, მელიქოვები, ორბელიანები და სხვები, ნაწილ-ნაწილ ჰყოფენ თავიანთ მამულებს და ასე  ნაჭრებად ჰყიდიან უგეგმოდ და გეგმის წარუდგენლად ქალაქის გამგეობაში. ეს ფაქტი წინააღმდეგობაში მოდის “ქალაქის კეთილგანწყობილების დროებითი წესდების” მე-16-ე  და “შენობითი წესდების” 307-ე  მუხლებთან.

ამის გამო, ქალაქის გამგეობა მოიწვევს ამ მამულების პატრონებს და ჯერ განუმარტავს, რომ ვიდრე გაჰყიდდნენ თავიანთ მამულებს, ამ მამულების დაყოფის პროექტი წარუდგინონ ქალაქის გამგეობას, რათა მყიდველმა თავის ნებაზე არ მოისურვოს იქ სახლების ჩადგმა. თუ ამ პროექტს გამყიდველი არ მიიტანს, სადაც ჯერ არს, მერე დიდი ფულადი თანხით დააჯარიმებენ და მამულის გაყიდვის ნებასაც არ დართავენ. მყიდველთ კი ქალაქის გამგეობა არ მისცემს შენობის დადგმის უფლებას ამ მიწებზე…

გურიაში, სოფელ ხიდისთავში, მღვდელ ფილიპე კალანდაძის სახლში, მის ძმას, სერაფიონ კალანდაძეს, სტალიარის ქარხანა გაუხსნია. აკეთებს ყოველგვარ კარგ ავეჯს და იაფადაც ჰყიდის. ისეთი საწოლები აქვს, ფრანციცულს არ ჩამოუვარდება, სულ დახატულ-დაგვირისტებულიაო…

ბორჯომში, საფოსტო სადგურთან, მდიდრულად მოწყობილი სასატუმრო “შვეიცარია” გაიხსნა. ნომერი, ერთი დღე-ღამით, 70 კაპიკიდან 2 მანეთამდე ღირს. ერთი თვით დაკავების შემთხვევაში უფრო იაფია. სადილი, ჩაი, ყავა, შოკოლადი და კახური და ევროპული ღვინოები – უფასოდ…

ქიზიყის მაზრის უფროსს, უფალ ტიზენჰაუზენს, ქალაქის საპატიო მოქალაქეები კლუბში მიუწვევია და  უთქვამს, სიღნაღში ქალაქის ბანკი უნდა გავხსნათ ჩვენივე სახსრებითო.   გამოგვადგება, ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთო… იქვე, კლუბში შეუწირიათ თანხები ბანკის გასახსნელად, ყველაზე მეტი – 300 მანეთი, ალექსანდრე ამირხანოვს. სულ  2620 მანეთი შეგროვებულა…

ძველი სიღნაღი, ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან

ძალიან კი გადაურჩა სიღნაღელებს ბარონი შარშან. ზემო მაჩხაანიდან, ანაგიდან, კარდენახიდან, საქობოდან და  ბოდბისხევიდან შეგროვილმა გლეხებმა უკმაყოფილება გამოთქვეს კენჭისყრის იმ წესის გამო, რომელსაც მაზრის ადმინისტრაციამ მიმართა სახალხო რაზმში რუსეთ-თურქეთის ომის გამო გასაწვევი პირების შესაგროვებლად. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გლეხები განსაკუთრებით აღუშფოთებია მამასახლისების მიერ სიების შედგენისას ქრთამის აღების ფაქტს. უკმაყოფილო მოსახლეობამ, კენჭისყრის გაუქმების მოთხოვნითა და უკვე შედგენილი სიების ხელში ჩაგდების მიზნით, ალყა შემოარტყა თავად რევაზ ვაჩნაძის სახლს სოფელ ბაკურციხეში, სადაც იმყოფებოდნენ სიღნაღის მაზრის უფროსი, გრაფი ტიზენჰაუზენი, ალაზნის მიდამოებში განლაგებული ჯარების უფროსი, გენერალ-მაიორი იოსებ ორბელიანი და მისი თანმხლები პირები. აღშფოთებული გლეხები სახლში შეიჭრნენ, მასპინძელი და სტუმრები სცემეს და ყველაფერი დაამტვრიეს. „დროება“  წერდა: „ამ რბევაში განსაკუთრებით ქალები აქტიურობდნენ. ხმა არის, ვითომც დედაკაცებს მეტი ჩაუდენიათ, ქოშებით იწევდნენ საცემელათაო“…

ასე განუხილიათ ქვეყნის ამბები საქართველოში 1879 წელს… ზაფხული იყო მაშინაც…