ზურაბ ჯაფარიძეს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივი ზღვარის დაწევა სურს

171

პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ დაიწიოს არჩევნებში კენჭისყრის ასაკობრივმა ზღვარმა, რაც დღეს 25 წელია პარლამენტისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად  ზოგადად საარჩევნო სისტემასა და გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებიც განიხილება.

“ეს არის საბჭოთა ქართველების მიერ ახალი თაობისთვის დაწესებული ხელოვნური ბარიერი, რომელიც კვებავს ქართული პოლიტიკური ჭაობის სიცოცხლისუნარიანობას.

ასაკობრივი ზღვრის დაწევა: 1. გააღვივებს ინტერესს პოლიტიკისადმი უფრო მეტ ახალგაზრდაში; 2. ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდების ჩართვას პოლიტიკაში; 3. დააჩქარებს არსებული პოლიტიკური კლასის ჩანაცვლების პროცესს; 4. შედეგად ქართულ პოლიტიკას გახდის უფრო გულწრფელს, უფრო წესიერს, უფრო გამჭვირვალეს, უფრო კრეატიულს, უფრო აზრიანს, უფრო შინაარსიანს, ბევრად ნაკლებად კორუმპირებულს, ბევრად ნაკლებად “საბჭოთას”.

ამის დაშვება არ უნდა მხოლოდ იმას, ვისაც აწყობს არსებული წუმპის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს – ანუ ამ ქვეყნის მტერს”, – წერს ჯაფარიძე.

“გირჩის” ლიდერს ის ქვეყნებიც მოჰყავს მაგალითად, რომელთა საკანონმდებლო ორგანოში მოქალაქეების კენჭისყრისთვის ასაკობრივი ზღვარი 18 წელია. მათ შორისაა, ავსტრია, კანადა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ინიციატივის – პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია გამართა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.

ამასთან, ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზეც მუშაობს.