გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმა არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას

359

დეცენტრალიზაციის რეფორმა, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ, არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას განცხადებით, ფინანსურად თვითკმარი, მზარდი და სტაბილური შემოსავლების მქონე, ადგილობრივი კაპიტალის განკარგვის უფლებამოსილების მქონე და ეკონომიკურ პროცესებში ჩართული მუნიციპალიტეტები და რეგიონები არის პასუხი იმაზე, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში როგორ იქნება მოსმენილი რეგიონების ხმა.

“ასეთ პირობებში, რეგიონები, ქალაქები, მუნიციპლიტეტები მაღალი დინამიკით და შეუქცევადად ვითარდებიან და მათ აღარ სჭირდებათ ხელოვნური სტიმულირება. ეს ყველაფერი კი მოაქვს სწორად წარმართულ დეცენტრალიზაციის რეფორმას, რომელზეც ახლა ხელისუფლების ორი შტო ვმუშაობთ და ეს არის საუკეთესო პასუხი მათთვის, ვინც პროპორციული სისტემის პირობებში რეგიონებზე სვამს შეკითხვას”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, თბილისში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა. საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს.