რევაზ ბარბაქაძის ბლოგი
30 წელია, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია. 30 წელია, მუდმივად მიდის საუბარი ქვეყნის დეცენტრალიზაციაზე და თვითმმართველობის განვითარებაზე. 30 წელია — მიდის მარტო საუბარი…
რა არის დეცენტრალიზაცია?
ლექსიკონს თუ ჩავხედავთ, დეცენტრალიზაცია ესაა:
1. მმართველობითი სისტემა, რიდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს
2. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება
მაგრამ ასე მოსაწყენია…
ამიტომ შეგვიძლია, უფრო მარტივად ავხსნათ.
დეცენტრალიზაცია ესაა მისცე ადგილობრივ თვითმმართველობებს რესურსი და უფლება, რათა თავად განსაზღვრონ და გადაჭრან ადგილობრივი პრობლემები.
ამას ჭკვიანურ ენაზე “სუბსიდიარობის პრინციპი” ეწოდება. მოქალაქეს პრობლემა უნდა იმან გადაუწყვიტოს, ვინც მასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.
მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოფითი პრობლემების აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ადგილობრივ დონეზეა გადასაწყვეტი. კი, კი, მათ შორის, უმუშევრობაც… ოღონდ უმუშევრობის დაძლევა ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალი სამსახურების და ააიპ-ების შექმნას არ გულისხმობს, ცოტა სხვა რამეა… ამისთვის ინვესტიციებია საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, კარგ საინვესტიციო გარემოს მოითხოვენ.
რეგიონებში კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა კი სრულყოფილი დეცენტრალიზაციის გარეშე არ გამოვა… შანსი არაა!
რატომ?
ახლა ავხსნი…
მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს უძრავი ქონება!.. მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ მისი განკარგვის შესაძლებლობა!.. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საინვესტიციო პოლიტიკის წარმოების უფლება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე!.. და რაც მთავარია, მუნიციპალიტეტს ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მოტივაცია, ანუ პირდაპირი ბენეფიტი უნდა ჰქონდეს.
ანუ, მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება, მის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე მოიწვიოს ინვესტორი, ხელი შეუწყოს მას ბიზნესის გამართვაში და დაიტოვოს ამ ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამით გაიზრდება ადგილობრივი ბიუჯეტი და… შემცირდება ცენტრზე დამოკიდებულება.
აი, სწორედ ამ ფრაზაზე იტეხავს კისერს დეცენტრალიზაციის ყველა მცდელობა საქართველოში… თუმცა, ხმამაღლა ამისი აღიარება არ იქნებოდა მთლად ლამაზი საქციელი. ამიტომ საზოგადოებას, უკვე წლებია, სხვადასხვა არგუმენტები მიწოდება, რომლის მიზანიც დეცენტრალიზაციის იდეის დისკრედიტაციაა …
რატომ “გვეშინია” დეცენტრალიზაციის?
ამ კითხვაზე, ძირითადად, 3 პასუხი მომისმენია. სხვადასხვა ვარიაციებით, მაგრამ საერთო ლაიტმოტივით:
1. სეპარატიზმის საფრთხე ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში;
2. გაიზრდება კორუფციული რისკები ადგილებზე;
3. ადგილებზე არაა კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ სიტუაცია მართონ.
ის, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას სეპარატიზმისა ეშინია, ლოგიკურია. დამოუკიდებლობის სურვილის გამოთქმის მომენტიდან დღემდე ამ ჭირის გამო რამდენი უბედურების გადატანა მოგვიწია – მაგის ჩამოთვლას ეს ბლოგი კი არა, სრულტანიანი აკადემიური ნაშრომი არ ეყოფა. ამიტომ გასაგებია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი რისკების გაჩენა აღარ უნდა.
მაგრამ ტოლობის დასმა დეცენტრალიზაციასა და სეპარატიზმს შორის ნიშნავს, რომ ორივე ამ საკითხს ძალიან ზედაპირულად ვცნობთ.
არ გვაქვს კარგად შესწავლილი სეპარატისტული საფრთხეების წარმოშობის გარე და შიდა ფაქტორები.
არ ვიცით კარგად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მცხოვრებლების პრობლემები. თუმცა, რომლის ვიცით რო?
არ გვაქვს შესწავლილი ამ პრობლემების წარმოშობის წყარო.
და უფრო მეტიც, როდესაც ვამბობთ, რომ დეცენტრალიზაცია (ანუ იმისი შესაძლებლობა, რომ საკუთარი პრობლემები თავად განსაზღვრონ და გადაჭრან) ხელს შეუწყობს სეპარატიზმს – ამით დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ვაყენებთ ამ რეგიონებში მცხოვრებ ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ანუ ვეუბნებით, რომ, თუ მათ თავის ნებაზე მივუშვებთ – რამეს გააფუჭებენ! აი, პატარა ბავშვს რომ ასანთს უმალავენ მშობლები, ემანდ სახლი არ გადაწვასო – მასეთ მდგომარეობაში ვაყენებთ.
ჰოდა, რა უფრო სახიფათოა?
გვყავდეს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი აკრძალვებში და შეზღუდვებში…
თუ ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაციას, ვაგრძნობინოთ თავი ქართული სახელმწიფოს სრულფასოვან მოქალაქეებად, მივცეთ მათ საშუალება, თავად ჩაერთონ ადგილობრივ პროცესებში, პრობლემების იდენტიფიცირებაში, საკუთარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადანაწილებაში…
რა ვიცი, ერთად ვიფიქროთ ამაზე…
მეორე საფრთხეს კი ადგილებზე გაზრდილ კორუფციულ რისკებში ხედავენ დეცენტრალიზაციის მოწინააღმდეგეები.
მოდით, დავფიქრდეთ, თუ რა არის ადგილობრივ დონეზე კორუფციის პრევენციის მექანიზმები?
1. დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანები და სასამართლო სისტემა;
2. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხი, რაც დეცენტრალიზაციის ერთ ერთი აუცილებელი ნაწილია.
რომ გადავხედოთ უახლოეს 10 წელს, მიუხედავად სრული ცენტრალიზაციისა და ცენტრალური ხელისუფლების ძლიერი კონტროლისა, ადგილზე კორუფციის გახმაურებული ფაქტები არც თუ ისე მცირე იყო ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში.
ესე იგი, დღეს არსებული სისტემა ამ მხრივ არცთუ ისე უნაკლოდ მუშაობს.
მაშინ რატომ ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი მესიჯის გაშვება, რომ თუ დეცენტრალიზაცია გვექნება — რეგიონები კორუფციაში ჩაიხრჩობიანო? დეცენტრალიზაცია ხომ არ ნიშნავს ისეთი სტრუქტურების გაუქმებას, ან მათი მუშაობის შესუსტებას, როგორებიცაა პოლიცია, სახელმწიფო აუდიტი, პროკურატურა, სასამართლო?
ესეც კიდევ მეორე საკითხი განსჯისათვის..
და მესამე…
თურმე, კადრი არ გვყავს ადგილებზე ხალხო!!!…
ზევით უკვე დავწერე, რომ სეპარატიზმის საფრთხეებზე საუბრის დროს შეურაცხყოფას ვაყენებთ მოსახლეობის დიდ ნაწილს მეთქი.
აი, ამ განცხადებით კი, შეურაცხყოფას ვაყენებთ ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ მთელ მოსახლეობას.
ანუ არ გვჯერა, რომ გურჯაანში, ხარაგაულში, სენაკში, ქარელში ან ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ჭკვიანი ხალხი.
და ჯიუტად არ გვინდა, დავინახოთ პოლიტიკური სტაგნაციის მიზეზი რეგიონებში.
ეს მიზეზი კი… დიახ დიახ, დეცენტრალიზაციის არარსებობაა.
არ არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლისთვის მოტივაცია, რომ ჩაერთოს ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში.
იმიტომ, რომ აზრი არა აქვს!
პარტია (მმართველი თუ ოპოზიციური, არა აქვს მნიშვნელობა) მაინც სათავო ოფისიდან დანიშნავს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს, იქიდანვე წარადგენენ კანდიდატს სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობებზე…
ამიტომაც, პოლიტიკური კარიერის გაკეთების მსურველი ადამიანი ადგილზე არ რჩება…
და მიდის თბილისში..
ადგილზე რჩება ვაკუუმი..
და ეს ვაკუუმი ხელს აძლევს დეცენტრალიზაციის მოწინააღმდეგეებს…
რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის, არა?
ისე, ალალად ვაღიაროთ, ეს სამი არგუმენტი მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას არ გაგონებთ?
შეჯამება
არაა დეცენტრალიზაცია ზედმეტი ფუფუნება!
არც “ლიბერასტ-ენჯეოშნიკების” მიერ ქვეყნის დასაშლელად მოგონილი მექანიზმი არაა!
ესაა აუცილებელი მოცემულობა რეგიონების და საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის…
მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებისთვის…
ცენტრალური ხელისუფლებისთვის მთელი რიგი, მისთვის არასაჭირო ტვირთის ჩამოხსნისთვის…
ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა ახალი თაობის გაჩენისთვის…
ადგილობრივი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენებისთვის…
შიდა მიგრაციის შემცირებისთვის…
და ა.შ.
ხოლო პროცესის თანმდევი რისკების ეფექტური განეიტრალებისთვის საჭიროა კიდევ ერთი რეფორმა — სასამართლოსი.
ოღონდ ეს სხვა ბლოგის თემაა
და სხვა ავტორის…