უწყებათაშორისმა კომისიამ ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელა

189

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული პრობლემების გადასაჭრელად უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებათაშორის კომისიაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

მათივე ცნობით, კომისიამ, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელა.

“დღეს, კომისიის წარმომადგენლები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გაემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე შესწავლიან, რის შემდეგაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. ასევე, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტის წარმოდგენისთანავე განხორციელდება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოები. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული”, – განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. მიზეზი გზის 56- ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატებაა, რამაც სავალი ნაწილი დატბორა. დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე კი, ადგილობრივებმა თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

სოფელ ზემო და ქვემო ალვანის მოსახლეობამ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინაც გამართა.