19 მაისის არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 5 365 წარმომადგენელი დააკვირდება

848

წინა სტატია

19 მაისს რიგგარეშე და შუალედური არჩევნების მიმდინარეობას შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5 365 წარმომადგენელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

გარდა პარტიების წარმომადგენლებისა, არჩევნებს დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ცესკოს ცნობით, 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6 130 დამკვირვებელმა და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელმა რეგისტრაცია უკვე გაიარა.

უწყების ინფორმაციითვე, არჩევნების მიმდინარეობას 34 მედიასაშუალების 1917 აკრედიტებული წარმომადგენელი გააშუქებს.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს არჩევნებზე რეგისტრაციის ვადა უკვე ამოეწურათ.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 მაისს, საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.