19 მაისის არჩევნებს 6 130 ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება

800

შემდეგი სტატია

2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6 130 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციითვე, არჩევნების მიმდინარეობას 34 მედიასაშუალების 1917 აკრედიტებული წარმომადგენელი გააშუქებს.

ცესკოს ცნობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე, როგორც მედიაორგანიზაციებს, მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდა სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებისა, არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების 5 365 წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 მაისს, საქართველოში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები გაიმართება. რიგგარეშე არჩევნებზე ხუთ მუნიციპალიტეტში – ხულოში, ზუგდიდში, ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ამომრჩევლებმა მერი უნდა აირჩიონ. გარდა მერის რიგგარეშე არჩევნებისა, 19 მაისს 8 მუნიციპალიტეტში – საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნებიც გაიმართება. შუალედური არჩევნები გაიმართება, ასევე, თბილისში, მთაწმინდის ოლქში, სადაც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის წევრი უნდა აირჩიოს.