14 დეკემბერს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით მოამზადა და მასში შესულია ტელე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაკვირვების შედეგები. ის 2021 წლის ივლისიდან პერიოდს მოიცავს და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება. მისი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა საარჩევნო პერიოდის გაშუქება.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშს droa.ge სრულად გთავაზობთ:
ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული საარჩევნო მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს საქართველო და CRRC-საქართველო. 2021 წლის საარჩევნო მედიამონიტორინგი 54 ეროვნულ და რეგიონულ მედია-საშუალებას მოიცავს, რომელთა შორისაა 14 ტელევიზია (5 ეროვნული, 9 რეგიონული), 12 რადიო (6 ეროვნული, 6 რეგიონული), 11 ბეჭდური გამოცემა (7 ეროვნული, 4 რეგიონული) და 17 ონლაინ გამოცემა (9 ეროვნული, 8 რეგიონული). მედიამონიტორინგი სრული საარჩევნო ციკლის მანძილზე და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება (2021 წლის ივლისიდან 2022 წლის მარტამდე).
ძირითადი მიგნებები (5 ივლისი – 14 ნოემბერი 2021)
- 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებს შორის პერიოდში, კიდევ უფრო გაღრმავდა მძაფრი დაპირისპირება ქართულ მედიაში, რომელიც ყოველთვის შეიმჩნეოდა საარჩევნო გარემოში. ის მედია საშუალებებიც კი, რომლებიც შარშან საარჩევნო პროცესის შედარებით დაბალანსებულ გაშუქებას სთავაზობდნენ საზოგადოებას, წელს პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევიან.
- წინასაარჩევნო პერიოდში (2021 წლის ივლისი-სექტემბერი), პოლარიზება განსაკუთრებით მძაფრი იყო ეროვნულ მედიაში, თუმცა ნაწილობრივ, რეგიონულ და ადგილობრივ მედიაზეც ვრცელდებოდა.
- ტელევიზიების შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური დაპირისპირება განსაკუთრებით მძაფრი იყო ივლისში, როდესაც ჰომოფობიური გამოსვლები და ჟურნალისტების მიმართ აგრესია მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
- პოლიტიკურ მოვლენებს ყველა ეროვნული ტელევიზია აქტიურად აშუქებდა, თუმცა მათი უმეტესობა პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებდა და ცდილობდა, რომ მიმდინარე მოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოეჩინა.
- იგივე ტენდენცია შეიმჩნეოდა ტელევიზიების სოციალურ ქსელებში, მეტწილად, ფეისბუკ გვერდებზე.
- პოლარიზება და პოლიტიკური მიკერძოება გაიზარდა რადიო სექტორში, განსაკუთრებით ეროვნული რადიოების შემთხვევაში.
- რეგიონული რადიო სადგურები უფრო დაბალანსებულად აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მსმენელს კრიტიკულ ანალიზს ვერ სთავაზობდნენ და ხშირად, გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ.
- როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და ადგილობრივი რადიო სადგურები, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს იცავდნენ და თავს იკავებდნენ დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენებისგან.
- ეროვნულ ბეჭდურ მედიაში შეიმჩნეოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციისა და დისკრიმინაციული თუ შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენება.
- რეგიონული და ადგილობრივი ბეჭდური გამოცემები მოვლენებს შედარებით მიუკერძოებლად და პროფესიულად აშუქებდნენ და მკითხველს მოსაზრებებისა და პოზიციების მრავალფეროვნებას სთავაზობდნენ.
- ეროვნული ონლაინ მედია ჟურნალისტური ეთიკის, ინფორმაციულობისა და მრავალფეროვნების სტანდარტების დაცვით აშუქებდა მოვლენებს.
- რეგიონული და ადგილობრივი ონლაინ გამოცემები პოლიტიკური ფავორიტიზმისა და მიკერძოებისკენ იხრებოდნენ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ.
- პოლიტიკური პოლარიზება და მიკერძოება მაინც ნაკლებად შესამჩნევი იყო ონლაინ მედიის სექტორში ტელევიზიებისგან განსხვავებით.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებასთან შედარებით, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებამ მნიშვნელოვნად იკლო მედიის ყველა სექტორში.