საჩხერეში კონფლიქტისპირა 5 სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

200

საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალმომარაგების ქსელს აწყობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 11.5 მილიონი ლარია.

პროექტი კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების და 80 კმ წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე დაგეგმილია სოფლებში მრიცხველების მონტაჟიც

“ამ დროისთვის სოფლებს არ გააჩნიათ წყალმომარაგების სისტემები, ზოგიერთ უბნებში მოწყობილია მცირე ქსელები და სამარაგო ავზები, თუმცა ისინი კუსტარულია და არ აკმაყოფილებს ნორმებს. დარჩენილი მოსახლეობა სარგებლობს ან ადგილობრივი წყაროების ან ჭების წყლით. პროექტის დასრულების შემდეგ კი პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის, დაახლოებით, 3 400 მოსახლე  24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.