მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს

101

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3 000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს ამ თანხის ნახევარი -1 500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა. შ. მ. და რაგიმ ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1 500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.