ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ

806

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს, რომელიც იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენეს, ერთ თვეში დეპუტატის უფლებამოსილებასაც შეუწყვეტენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

2018 წლის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოში სულ 17 რიგგარეშე და გეგმიური სხდომა ჩაატარა. წარმომადგენლობითო ორგანოდან გამოცემა “სამხრეთის კარიბჭის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, “პატრიოტთა ალიანისის“ წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე 17 სხდომიდან მხოლოდ სამს დაესწრო. ამასთან, ყოფილი თავმჯდომარე  2018 წლის თებერვლის შემდეგ საკრებულოს სხდომებზე აღარ გამოცხადებულა, მარტიდან კი ბიუროს სხდომებსაც არ დასწრებია. რის გამოც ბორჯომის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე დაიწყო მუშაობა.

“რეგლამენტით გათვალისწინებული ექვსი თვე რომ გავიდა და საკრებულოს მუშაობაში არ იღებდა მონაწილეობას წერილი გავუგზავნეთ, რომ აეხსნა რატომ აცდენდა სხდომებს და ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი, თუმცა პასუხი დათქმულ ვადებში არ გაგვცა და დავიწყეთ შესაბამისი პროცედურები“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, პროცედურები, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება და ცესკო პარტიული სიის მიხედვით საკრებულოში ახალ დეპუტატს წარადგენს.

რატომ არ ესწრებოდა სხდომებს ჩაჩანიძე უცნობია. გამოცემამ მას ვერ დაუკავშირდა.

ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან გაცდენების რაოდენობის სიმრავლით ზაზა ჩაჩანიძის შემდეგ “ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატი გიორგი გიუაშვილი მოდის. იგი 2018 წლის განმავლობაში, საკრებულოში სულ ხუთ, ბიუროში კი ოთხ სხდომას დაეწრო. თუმცა, გიუაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტას იმით გადაურჩა, რომ ზედიზედ ექვსი თვე საკრებულოს სხდომის გაცდენა არ უფიქსირდება.

გიორგი გიუაშვილი ამბობს, რომ სხდომებს პროტესტის ნიშნად აცდნს: “ვინც მუდმივად არიან სხდომებზე რამეს აკეთებენ? ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ თითქმის არ მატყობინებენ სხდომების თარიღებს, მეორეც ეგენი ყველა გადაწყვეტილებას ფორმალურად ირებენ და რაში მივიღო მონაწილეობა, მარტო ხელის აწევისთვის მივიდე?!“

რაც ჩეეხება, დარჩენილ 24 დეპუტატს, წლის განმავლობაში მათ უმრავლესობას ათი და მეტი დასწრება აქვთ. 17 სხდომიდან ყველას მხოლოდ ორი დეპუტატი, “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი თედორე მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დაესწრო.

საკრებულოს სხდომებზე დასწრების საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 43–ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა–შეჩერების საკითხს არეგულირებს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდება, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მაშინ იგი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს მას უახლოეს სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.