ექსპერტი ზუგდიდის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: აუდიოჩანაწერი ავთენტურია

183

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას საქმის განხილვაზე პირველი მოწმე იკითხება. ინფორმაციას პირველი ავრცელებს.

ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული მთავარი აუდიოჩანაწერი ავთენტურია და მასში არ არის დაფიქსირებული მონტაჟის კვალი.

“ჩვენ ავიღეთ ამ პირების ხმის ნიმუშები, როგორც ქართულ ისე რუსულ ენაზე, ასევე მეგრულ ენაზე. ჩანაწერები დისკზე მოთავსდა. დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო ნივთმტკიცება მეხსიერების ბარათი და დისკები, სადაც ხმის ნიმუშები იყო. მოხდა ამ ჩანაწერების შეფასება და დადგინდა, რომ პირველი ჩანაწერი დიდი ჩანაწერის მოკლე ვერსია იყო, ანუ ამოღებული იყო გარკვეული ნაწილები. გაგრძელდა კვლევები თითქმის ორსაათიან ანუ ვრცელ ჩანაწერზე. სრულად მოხდა კვლევა მონტაჟის ნიშნების დადგენის მიზნით. დადგინდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, არ ფიქსირდება არც წყვეტა, არც ცვლილებები. ეს კვლევა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მასალა იყო ხანგრძლივი, მაღალი ხარისხის და ყველა კითხვაზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ასმატ მატუშევსკაიამ.

მერისა და ვიცემერის გარდა, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21  500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.

დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები, სავარაუდოდ, მაისში გაიმართება.