ქედის მერი: მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, პირდაპირ უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს

1625

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე მოითხოვს, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, თვითმმართველობებს გადაეცეთ. მისი თქმით, ხშირად პროექტები სწორედ იმიტომ ვარდება, რომ ქონება გაუმიჯნავია, სახელმწიფო კი მუნიციპალიტეტების სასარგებლოდ ქონებას არ თმობს. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ მიწა, რომელზეც სახელმწიფო ობიექტი არ დგას, პირდაპირ უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს. მაგალითად, შარშან, 5 თებერვალს, გავაგზავნეთ დოკუმენტი, რომ ვაშენებთ სოციალურ სახლს, სადაც მიწის ნაწილი ჩვენია და ნაწილი – სახელმწიფოსი. 800-ათას ლარიანი პროექტი ჩავარდა, იმიტომ, რომ მე ვერ მივიღე დოკუმენტი და ნებართვა.

თუ მიწა არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ის უნდა ეკუთვნოდეს მუნიციალიტეტს. მე როგორ შევქმნა მუნიციპალიტეტის სტრატეგია, როდესაც არ ვიცი, ეს მიწა ვისია?” – აცხადებს გორგილაძე.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიული ოპტიმიზაცია და შეიქმნას ორდონიანი თვითმმართველობა, რომელსაც “ქართული ოცნება” 2012 წლის არჩევნების წინ მოსახლეობას ჰპირდებოდა.

“საარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული იყო, რომ ჩვენ მრავალდონიანი თვითმმართველობა უნდა შეგვექმნა და ერთ-ერთი მთავარი იყო თემის დონე. ხუთ სოფელში ერთი სპეციალისტია და ისიც, თემის მმართველი კი არა, ჩემი წარმომადგენელია იმ თემში. ანუ ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ისე კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რადგან ის ადამიანი ყველაზე კარგად ხედავს, რა სჭირდებათ
სოფლებს”, – ამბობს გორგილაძე.

გორგილაძე, ასევე, პრობლემებს ხედავს იმ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაში, რომელიც განათლების სფეროში მუნიციპალიტეტებს წელს დაეკისრათ. კერძოდ, საუბარია მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაზე. ის აცხადებს, რომ ტრანსპორტის დიდი ნაწილი ამორტიზებულია და ითხოვს, აჭარაში ამ საკითხზე აჭარის განათლების სამინისტრომ იმუშაოს.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოსწავლეების ტრანსპორტირება, რომელიც ძალიან მძიმე თემაა და არავის არ გამოუთქვამს სურვილი. აჭარის დელეგაციამ ხელი არ მოაწერა იმ შეთანხმებაზე, რომელიც ასე ვთქვათ, ხელში მოგვაჩეჩეს. რემონტებს მიჩვეული ვართ და ვიცით, მაგრამ ტრანსპორტირება სპეციფიური თემაა და ამის არც გამოცდილება და არც რესურსი არ გვაქვს, მითუმეტეს, არც გაგვაჩნია და ვერც მოვიძიებთ იმ ტრანსპორტს, რომელიც სჭირდება ამ საქმეს. ტექნიკური დათვალიერების შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ დარჩა
სატრანსპორტო საშუალება. რაც მთავრია, ეს გამოვა სოციალური პროექტი, რადგან კარგი აუდიტი ჩვენ ამას არამიზნობრივ ხარჯში ჩაგვითვლის. რადგან სკოლა და განათლების სისტემა ჩვენი არ არის, არსებობს რესურსცენტრი, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ამიტომ აჭარაში ყველაზე კარგი გამოსავლი იქნება, ეს პროგრამა სამინისტრომ განახორციელოს”, – აცხადებს გორგილაძე.

როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.