ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი წუხს, რომ დღევანდელი მდგომარეობა – არასაკმარისი ფინანსები და ქონება – ადგილობრივ თვითმმართველობას გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს, ვერ აგვარებს მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებს და ამის გამო, ვერც შედეგზე ორიენტირებული და გამჭვირვალეა. ამის შესახებ მან მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ყველა ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობა. მუნიციპალიტეტებს არ გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, არ ვიცით, საით მივდივართ, რა შეგვიძლია, რას ვაკეთებთ, ფაქტობრივად, ჩიხში ვართ, როცა გრძელვადიან პროექტებს ვგეგმავთ. მოსახლეობასთან მისვლის შედეგი არის პრობლემები, რომლებსაც ვერ ვწყვეტთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ გამჭვირვალე თვითმმართველობა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ სურვილი გვაქვს, მაგრამ მოჭრილი გვაქვს ყველა გზა. თუ მოტივაცია არ მივეცით თვითმმართველობებს, გამოდის, რომ განვითარების დიდ შანსს ვკლავთ”, – აცხადებს მჭედლიშვილი.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, ამბობს, რომ არ შეიძლება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ქულების მინიჭების პროცესს თვითმმართველობა ჩამოშორებული იყოს. როგორც ცნობილია, ამ საკითხს დღემდე ჯანდაცვის სამინისტრო ცენტრალიზებულად კურირებს, ეს მაშინ, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებებს საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე მეტი ინფორმაცია აქვთ.
“დღეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია. უცებ ვარდებიან ამ სიიდან და რჩებიან დახმარების გარეშე. ძალიან ცუდია, რომ თვითმმართველობა ვერ ერევა ამ საკითხში, არადა, ყველაზე მეტად თვითმმართველობამ იცის მისი მოქალაქის სოციალური მდგომარეობა”, – აცხადებს მჭედლიშვილი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მოსაკრებლების გადახედვის საჭიროებაზეც საუბრობს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ტურისტული მოსაკრებელი არ არსებობს, ქობულეთი დიდ თანხებს კარგავს.
“ქობულეთი ტურისტული მუნიციპალიტეტია და როგორ შეიძლება, არ ვიფიქროთ ნორმალურ მოსაკრებელზე? გასაგებია, რომ არ უნდა გაგვექცეს ინვესტორი, მაგრამ როგორ შეიძლება, ქობულეთში იყოს გადასახადი 025 და სადღაც იყოს 1 ან 05. როგორ შეიძლება, ჩვენ არ ვიფიქროთ ტურისტულ მოსაკრებელზე, რომლიდან შემოსული თანხაც მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებით წავა და ხვალ და ზეგ შანსი გვექნება, რომ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
მჭედლიშვილი იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში მოხვდება და თვითმმართველობების პრობლემები მოგვარდება.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.