სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს გირაო შეეფარდა

წინა სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.მისთვის აღნიშნული ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ლევან შონიას ადვოკატი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა. როგორც მან განმარტა, ჩარიცხული 10 000 დოლარი არა ჩუქება, არამედ ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების – გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლევან შონიას ბრალი, მოხელეების მიერ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარუდგინა.

ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს სუს-მა ბრალი გუშინ, 26 დეკემბერს წარუდგინა.

ლევან შონიას მიმართ გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვთ წარდგენილი ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ვიცემერს გია გულორდავას. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. რამდენიმე დღის წინ იგივე საქმეზე მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია დააკავეს.

მსგავსი სიახლეები