ხიდი, რომელიც 2 თვის წინ ასპინძის სოფელ აწყვიტაში ჩაინგრა, ისევ დაზიანებულია

1038

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ასპინძის სოფელ აწყვიტაში ორი თვის წინ ჩანგრეული ხიდი, რომელიც სოფელს ადმინისტრაციულ ცენტრს აკავშირებს, არ გაუკეთებიათ, რის გამოც ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანზორ ალელიშვილის განმარტებით, ხიდის რეაბილიტაციისათვის პროექტი უკვე მზად არის: “არჩევნების მეორე ტური დაემთხვა და ვერ გამოვაცხადებდით ტენდერს, ახლა უკვე მალე დაიდება ტენდერზე“.

ხიდის რეაბილიტაციისთვის მერია 81 000 ლარს დახარჯავს.

“პროექტის მიხედვით ხიდს ორი ბეტონის ბურჯი დაემატება, გამაგრდება უკვე არსებული ჯებირებიც. რეაბილიტაციის შემდეგ ის გათვლილი იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის“, – ამბობს ალელიშვილი.

რაც შეეხება მძიმეწონიან მანქანებს, ისინი აწყვიტაში ისევ შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. ალელიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელ ტოლოშზე გადის, 2019 წელს აღდგება.

სოფელ აწყვიტაში, ახლადრეაბილიტირებული ხიდი, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ჩაინგრა. ამ დროს ხიდზე ერთ–ერთი ადგილობრივი მიკროავტობუსით გადადიოდა. მას შემდეგ მერიამ ეს ხიდი დაკეტა.

შეგახსენებთ, რომ აწყვიტის ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს განხორციელდა. ასპინძის მერიაში ამბობენ, რომ ხიდი მხოლოდ მსუბუქი მანქანებისთვისაა გათვლილი და მისი ჩანგრევა მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობამ გამოიწვია.

ამავე ხიდს კაპიტალური რემონტი 2015 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩაუტარდა.