შიდა ქართლის ოთხივე მერიას ხმაურის შესამოწმებელი მოწყობილობები არ აქვს

წინა სტატია

საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, პირველი ივლისიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.

ცვლილებების ძალაში შესვლისთანავე შსს-მ გაავრცელა და ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის 20 სპეციალური მზომის გადაცემა ეტაპობრივად განხორციელდებოდა. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მისი მიღებიდან 4 თვის შემდეგ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერები ინფორმირებულები თითქმის არ არიან. “შიდა ქართლის საინორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი შესაბამისი მოწყობილობების შესაძენად თანხების მოძიებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფიქრობს, მეორე დაკისრებული ფუნქციის შესრულების გაჭიანურების მიზეზად უკეთესი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების ძიებით ხსნის, მესამე – ამ ვალდებულების შესასრულებლად შესაფერისი სამსახურის შერჩევისთვის საკრებულოს ელოდება, მეოთხემ კი აღნიშნულის შესახებ პირველად გამოცემა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისგან” შეიტყო.

კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ ეს ფუნქცია თბილისში მხლოდ პატრულს ჰქონდა და შესაბამისი მოწყობილობებიც სწორედ მათ გააჩნიათ. დასახელებული ცვლილებების შესახებ კი, როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე არაფერი სმენია.

“მსგავსი მოწყობილობა ჩვენ არ გვაქვს, როგორც ვიცი თბილისში აქვს პატრულს და თვითონ ახდენენ შესაბამის სამუშაოებს. სამინისტროსგან უნდა გადმომცემოდა მე ეს ფუნქცია?თქვენ მეტყვით რომ თბილისის გარდა ეს საქართველოს სხვა რომელიმე ქალაქში ხდება? შეიძლება რეგიონული ცენტრები ამაზე უკვე ნამუშევრები არიან, მაგრამ მუნიციპალიტეტები – არა. ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული რაზე მესაუბრებით. ძალიან ცუდი, რომ არ მიმიდევნებია თალ-ყური ამ თემებისთვის, შესაბამისად ნამდვილად არ ვიცოდი თუ ამაზე პასუხისმგებლები მუნიციპალიტეტები არიან“, – აღნიშნა მანუჩარ მერებაშვილმა.

მერებაშვილისგან განსხვავებით გორის მერი ამბობს, რომ ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დაკისრებული ფუნქციის შესრულება სათანადო მოწყობილობების ძიების პროცესმა გააჭიანურა. გორის მერი აცხადებს, რომ ჯერ არ იცის ფუნქციას რომელ სამსახურს შეუთავსებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამისთვის დამატებითი კადრების მიღებაც გახდეს საჭირო.

“დაწყებულია შესაბამისი მოწყობილობების შეძენის პროცესი, გვაქვს კიდევაც, მაგრამ ისეთი ხარისხის ვერ იყო და ახლა ვცდილობთ უკეთესი ხარისხი მოვიძიოთ და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამ ფუნქციის შესრულება ჯერ არ დაწყებულა, არ გვაქვს ინსტრუმენტები, გვესაჭიროება უფრო ხარისხიანი ხელსაწყოები, დადგინდეს ექვემდებარება თუ არა ხმაური დასაშვებ ნორმებს. როცა გვექნება მოწყობილობები მერე უკვე გამართულად დავიწყებთ ამ ფუნქციის შესრულებას. თუ ვერ შეძლეს ჩემმა თანამშრომლებმა ვისაც ამას დავაალებთ, შეიძლება ახალი კომპეტენტური კადრების მიღებაც მოგვიწიოს. ჯერ არავისზე არ ვფიქრობ, ვიზე უნდა ვიფიქრო,. შევხედავთ, ვისაც შეიძლება რომ ეს ფუნქცია დაევალოს იმას შევიუთავსებთ.“-ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა უკვე იცის, რომ ამ ფუნქციას ზედამხედველობის სამსახური შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი თქმით, მერიაში საკითხში ერკვევიან და კანონში შეტანილი ცვლილებების შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგებიან.

“ჯერჯერობით მოწყობილობები არ გვაქვს. ვაზუსტებთ ტექნიკურ მონაცემებს და ამ ფუნქციის შესრულებას მალე აუცილებლად დავიწყებთ. თანხების საკითხებმა შეგვიშალა ხელი,გაირკვევა და დავალაგებთ. უფრო კარგად გავერკვევი და რამდენიმე ხანში გეტყვით ზუსტად ყველაფერს. შეიძლება დადგეს ამ კონტროლის საჭიროება შეიძლება ძალიან მასშტაბური დოზით არა, მაგრამ რადგან კანონი გვავალდებულებს უნდა შევასრულოთ. ეს ფუნქცია ზედამხედველობის სამსახურს დაეკისრება და დანარჩენს პრაქტიკა გვიჩვენებს რა იქნება საჭირო“.-განმარტა გიორგი გურასპაშვილმა.

გურასპაშვილის მსგავსად კანონის შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს ზაზა გულიაშვილი, თუმცა ის ქარელის მუნიციპალიტეტში ხმაურის დონის კონტროლის საჭიროებას ვერ ხედავს.

“ჯერ ამ ფუნქციას არ ვახორციელებთ. ეგ თემა დაძრული გვაქვს და ვმუშაობთ მაგ საკითხზე. ზედამხედველობას ვუმატებთ მაგ ფუნქციას. როგორ უნდა განვახორციელოთ ამას ჯერ საკრებულო სჭირდება, ფუნქციის დამატება ზედამხედველობას და მთელი პროცედურებია გასავლელი. ასე რომ გადმოგვეცა ეს ფუნქცია მხოლოდ ესარაა საკმარისი, მთელი საკითხებია შესამუშავებელი და გასავლელი. დამატებითი კადრების მიღება არამგონია რომ გახდეს საჭირო, როგორც მახსოვს ასეთი ჩანაწერია, რომ ეს ყველაფრი შსს-სთან შეთანხმებულად უნდა მოხდეს. თუ არ ვცდები სათანადო ტექნიკაც მაგათმა უნდა შეიძინონ და ჩვენ გადმოგვცენ. ახალი კანონია და ალბათ წლის ბოლოსკენ დაემატება საკრებულოს საკითხებს ეს თემაც. 4 წელია აქ ვმუშაობ და რომ გითხრათ ახლა ამის საჭიროება ჩვენთან ნაკლებადაა. არც რესტორნებია, არც კაფე-ბარებია ისეთი და არანაირი ხმაურის პრობლემა არაა, მაგრამ კანონი კანონია“, ამბობს ზაზა გილიაშვილი.

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ 77¹ და 77² მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა, თუმცა რა რეაგირებას მოახდენენ და როგორ გააკონტროლებენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხმაურის დონეს, შიდა ქართლის რეგიონში ეს ჯერ არ განსაზღვრულა.

მსგავსი სიახლეები