მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის საზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს

1035

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების მზომი მოწყობილობები დაამონტაჟა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით 24 საათის განმავლობაში გადაეცემა მონაცემები მდინარე ნენსკრაზე წყლის დონის მატებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, უხვი ატმოსფერული ნალექების და მდინარეში წყლის დონის ექსტრემალურად მაღალი მატების შემთხვევაში სტიქიური მოვლენის შესაძლებლობის შესახებ მომზადდება გაფრთხილებები, მიღებული ინფორმაცია კი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს ეცნობება. მათივე ცნობით, ახლადდამონტაჟებული მოწყობილობები ხელს შეუწყობს მდინარე ნენსკრას აუზში სტიქიური მოვლენით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება/შერბილებას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჭუბერში გავნითარებული ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ და მიმდინარეობდა მოწყობილობების განთავსებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევა და კვლევები მდინარე ნენსკრას ხეობაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი. მიმდებარე ტერიტორიიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა, სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.