როცა ქვეყანას არ აქვს საძოვრების მართვის პოლიტიკა… კასრისწყალი – სოფელი, სადაც საძოვრების მართვას თემი იწყებს

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი

კასრისწყალი – მესაქონლეთა სოფელი

ზვიად ბუჩაიძე 25 წლისაა. ის თუშია, თუმცა, შირაქში გაიზარდა: ერთი წლის იყო, მშობლებმა კასრისწყალში რომ ჩამოიყვანეს და მას მერე ამ სოფელში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ კაჭრეთის კოლეჯი დაასრულა და ახლა კასრისწყლის საჯარო სკოლაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მასწავლებლად მუშაობს.

სკოლა ერთადერთი საჯარო დაწესებულებაა კასრისწყალში. ახლა აქ 29 მოსწავლეა.  კლასებში 3-4 ბავშვია, ზოგგან ნაკლებიც. წელს საატესტატო გამოცდებზე ორი ახალგაზრდა გავიდა: ერთი წლევანდელი კურსდამთავრებულია, მეორემ, გაცილებით უფროსმა, ექსტერნად დაასრულა საშუალო სკოლა. ზვიადი რომ სწავლობდა, 80-მდე მოსწავლე იყო, ადრე უფრო მეტიც.

სკოლაში რამდენიმე ადამიანი მუშაობს. აქაურთა უმეტესობა ან უმუშევარია, ან სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, უფრო სწორად, თვითდასაქმებულია და საქონელს პატრონობს.

კასრისწყალი, რომელსაც 1966 წლამდე ელდარი ერქვა, ფაქტობრივად, უკიდურესი სოფელია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. თან ცოტა უცნაური და განსხვავებული სოფელია. რატომ უცნაური? შუაგულ შირაქშია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ დედოფლისწყაროდან 45 კილომეტრში, მაგრამ ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ ახმეტიდან 162 კილომეტრით არის დაშორებული. ასეთი უცნაური და შეუსაბამოა საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა.

სოფლის ასეთი მიკუთვნებულობას მის ისტორიას უკავშირებენ: თუშების უმეტესობა დღეს კი ზემო და ქვემო ალვანში სახლობს, მაგრამ მათი მთავარი საქმიანობა, ტრადიციულად, მეცხვარეობა იყო. ეს საქმე მომთაბარეობას გულისხმობდა: ცხვარი ზაფხულში მთაში იყო, გამოზამთრებით კი  შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე იზამთრებდა და იზამთრებს დღესაც. კასრისწყალიც მეცხვარეების საზამთრო საძოვრების  ცენტრალური სოფელია.

რუკა აღებულია კვლევიდან „კასრისწყლის თემი – სოციალურ-ეკონომიკური შეფასება“.

კასრისწყალში, საქართველოს სხვა სოფლებისგან, ალვანის, ან თუნდაც არხილოსკალოსგან განსხვავებით, განაშენიანებაც განსხვავებულია, აქაურობა უფრო დროებით საცხოვრებელს ჰგავს: სოფელში რამდენიმე კორპუსის ტიპის ან ბარაკის ტიპის სახლია.

მეცხვარეები ხომ 4-5 თვეს შირაქსა და ელდარში ატარებდნენ. თუმცა, წლების განმავლობაში  სოფელში მუდმივი მაცხოვრებლებიც გაჩნდნენ. დღეს აქ ერთად ცხოვრობენ თუშები, ქიზიყელები, კახელები, ასევე, აზერბაიჯანელები და სომხები.

კასრიწყლელები

ოდესღაც მეცხვარეობას რომ ყურადღება ექცეოდა, კასრისწყალიც დიდი სოფელი იყო. კვლევის – „კასრისწყლის თემის სოციალურ-ეკონომიკური შეფასების“ მიხედვით, მაქსიმუმს თემის მოსახლეობა გასული საუკუნის 70-იან წლებში აღწევდა. ამ დროს აქ 1,657 კაცი ცხოვრობდა. შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და 70-80-იან წლებში 650-700-ის ფარგლებში მერყეობდა. 90-იანი წლების კრიზისმაც თავის დაღი დაასვა თემს:

2002 წლის აღწერით, სოფელში 352 კაცი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი – 214. თუმცა, აქაურთა თქმით, რეალური სურათი ოფიციალურ სტატისტიკაზე მძიმეა: მოსახლეობის 60-70% გასულია.

კასრისწყალს კიდევ ერთი თავისებურება აქვს, რომელიც განარჩევს საქართველოს ზოგადი მაჩვენებლებისგან: აქ მამაკაცების რიცხვი ყოველთვის სჭარბობს ქალების რიცხვს.

დიაგრამა: მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა

კვლევის მონაცემები აღებულია 1970, 1979, 1989, 2002 და 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებიდან

დღეისათვის სოფელში 60-მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, სულ უფრო იზრდება მიგრაცია. როგორც აქაურები გვეუბნებიან, მხოლოდ ბოლო ორ-სამ წელში10-12 კომლი წავიდა. მიდიან, ვისაც სად წაესვლება: დედოფლისწყაროში, რუსთავში, თბილისში. თითქმის არ არის ოჯახი, ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს უცხოეთში: იტალიაში, საბერძნეთში, ისრაელში…

გზა და სხვა პრობლემები

დედოფლისწყაროდან ვაშლოვანის ეროვნული პარკისკენ გზას რომ დაადგები, ასე შუა ნაწილში, ორი სოფლის მანიშნებელი აბრაა: „ზემო ქედი – 8 კმ“, „კასრისწყალი – 15 კმ“. კასრისწყლის გზა პირდაპირ, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მიდის. აქ  ასფალტიც მთავრდება და გრუნტის ორმოებიან გზაზე გიწევს ჯაყჯაყი. გზის ორივე მხარეს მინდვრებია. შირაქი ხომ, ისტორიულად, საქართველოს ბეღელი, მარცვლეულის მხარეა.

თუ ტალახი არ არის, გზის მცოდნეები, როგორც წესი, მინდვრების გზით გადიან. ტალახის დროს იმ გზით გავლისას ჩარჩენის რისკიც არსებობს.

გზა ხომ არ არის და სოფელს არც ბუნებრივი აირი მიეწოდება. სასმელი წყალიც ჭირს. სოფელში 2-3 წყაროა, თუმცა, თბილისიდან ჩასულს ამ მაღალმინერალიზებული და სასმელად არც თუ სასიამოვნო წყლის დალევა გაგიჭირდება, ეს წყალი დასალევად უვარგისია, მაგრამ კასრისწყლელებს სხვა გზა არ აქვთ და მიჩვეულნი არიან.

აქ არც მაღაზიაა (როგორც გვითხრეს, რამდენიც გაიხსნა, გადაუხდელი ვალების გამო დაიხურა), არც – აფთიაქი. რამე რომ სჭირდებათ, აქაურები იძულებული არიან, დედოფლისწყაროში ჩავიდნენ. იქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირაში ორჯერ დადის.  ავტომანქანა სოფელში ბევრს არ აქვს და უმეტესობა, ექიმთან ან საყიდლებზე რომ წავიდეს, „მარშრუტკას“ ელის, ან, გადაუდებელ შემთხვევაში, მეზობლებს აწუხებს.

აქამდე მოსვლა სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის მანქანებსაც უჭირთ.

როგორც ხედავთ, კასრისყალი მთლიანად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზეა მიბმული, მაგრამ ეს სოფელი, როგორც უკვე გითხარით, დღემდე ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია.

მძიმე პირობებისა და უპერსპექტივობის გამო კასრიწყლიდან მიდიან აქაურები, განსაკუთრებით, ახალგაზრდები.

თეა სამნიაშვილი 36 წლისაა. თავად ქარელიდან არის, მაგრამ თითქმის 20 წელია, აქ ცხოვრობს. ადრე ბებიასთან ჩამოდიოდა, მერე აქ გათხოვდა. თეას არასრული საშუალო განათლება ჰქონდა და წელს ექსტერნად დაასრულა საშუალო სკოლა.

„მე და ჩემი მეუღლე თითქმის ყოველ წელს ვფიქრობთ, რომ წავიდეთ აქედან. მეუღლე ტექნიკაზე მუშაობს. სამუშაო კი აქვს, მაგრამ რთულია აქ ცხოვრება. ჯერ ვრჩებით, მაგრამ როდემდე, არ ვიცი“, – ამბობს თეა, რომელიც უმუშევარია და  ფიქრობს, იქნებ კოლეჯში გააგრძელოს სწავლა.

საძოვარი – სოფლის მარჩენალი

აქაურთა უმეტესობა მესაქონლეა. მეცხვარეობაზე მეტად ახლა მსხვილფეხა საქონლის მოშენებას მისდევენ.

21 წლის ემატინ მამედოვი აზერბაიჯანელია. მისი ოჯახი კასრისწყალში ოდესღაც იორმუღალოდან მოვიდა. სახლი ახლაც აქვთ იორმუღანლოში, სადაც ემატინის პაპა ცხოვრობს. ხანდახან საქონელს სხვას აბარებენ და მიდიან იორმუღანლოში ცოტა ხნით. ემატინიც და მამამისიც ელდარში დაიბადნენ, აქვე დადიოდნენ  სკოლაში, ემატინმა კოლეჯი დედოფლისწყაროში დაამთავრა. სამართალი ისწავლა, თუმცა, კოლეჯის დიპლომით კარგი სამსახურის შოვნა რთულია და სოფელში დაბრუნებული  ემატინი პროფესიას ვერ იყენებს. ოჯახი მესაქონელობას მისდევს: 30-მდე ძროხა და 50-მდე ცხვარი ჰყავთ. მის პაპას ადრე მეტი საქონელი ჰყავდა, აქაური საძოვარი იძლეოდა ამის საშუალებას.

მესაქონლისთვის კასრისწყალში ცხოვრებას ის ხიბლი აქვს, რომ ზამთარ-ზაფხულ აქ შეიძლება გყავდეს პირუტყვი. თივას ამზადებენ, ხორბლის აღების შემდეგ ნამჯა იპრესება და საზამთროდ ინახავენ. თუმცა, მთიანი რეგიონებისგან განსხვავებით, შირაქის მშრალი კლიმატი შედარებით ნაკლებ საზრუნავს უტოვებს მესაქონლეს, ბალახი ზამთარშიც არის. ემატინის ოჯახსაც პირუტყვი იშვითად მიჰყავს სადმე, ძირითადად, კასრისწყლის საძოვრებზე არიან დამოკიდებული.

„თუ მხოლოდ ჩვენი სოფლის საქონელი ძოვს, გვყოფნის“, – ამბობს ემატინი.

მესაქონლეები ჩივიან, რომ სოფლის გარშემო საძოვარი იმდენად გაუარესდა, რომ აღარ იციან, სად შეიძლება აძოვონ და დიდ დროს კარგავენ ახალი საძოვრის ძებნაში. იმ ნაკვეთებზე, სადაც ბევრი საქონელი ძოვს,  ბალახი ცოტაა. მინდვრები ნარმოდებულია. ნარის არსებობა დასტურია იმისა, რომ საძოვარი აღარ ვარგა და ასეთ მინდორს არც ცხვარ-ძროხა ძოვს.

ზვიადი, ელმატი და მათი მეგობრები გააერთიანა გარემოს გლობალური ფონდის პროექტმა – „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“. პროექტის ინიციატივით, ადგილობრივ ახალგაზდებთან ერთად, გადაწყდა საძოვრების სათემო მართვის მოდელის დანერგვა: თემის ჩართულობითა და თუშეთში მიღებული მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, შეირჩა 5 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულები და მოტივირებულები იყვნენ, შეეცვალათ საკუთარი მომავალი და სოფელში მდგრადი მესაქონლეობის განვითარებით დკავებულიყვნენ.

პროექტის დახმარებით ამ ახალგარდებმა საძოვრების მართვის ჯგუფი შეიქმნეს და საძოვრების მონიტორინგისა და სწორად მართვის პრინციპების სწავლა დაიწყეს.  ამის პარალელურად, საძოვრების რეაბილიტაციაზე დაიწყეს ზრუნვა და მესაქონლეებთან შეთანხმებით, ძოვების როტაციის პრინციპი დანერგეს, რაც საძოვრის მონაცვლეობით გამოყენებას გულისხმობს.

პროექტის დახმარებით ელექტროღობით შემოიღობა ეროზირებული საძოვრის ნაწილი, 75 ჰექტარი ნაკვეთი, რათა მისი აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდეს. ყვავილობის პერიოდში (როცა ფესვი ყველაზე სუსტია) ელექტოროსაჭრელით დაიჭრა ნარ-ეკლების მიწისზედა ნაწილები. ელექტროსაჭრელი, თივის საპრესი, ელექტროღობე და სხვა ტექნიკური საშულებები პროექტის ფარგლებში შეუძინეს კასრისწყლელებს.

ელექტროღობე იოლად შეიძლება გადაიტანო სხვაგან. მასში მზის ბატარეებით მცირე სიმძლავრის ელექტროენერგია გადის, რაც პირუტყვისგან იცავს ტერიტორიას. ალექსი იაჟიანმა და სხვა ბიჭებმა, შენაქოელი ახალგაზრდა ფერმერის, გოგი იმედაძის დახმარებით ერთ დღეში ააწყვეს ღობე.

ალექსი ეროვნებით სომეხია. მისი ოჯახიც კასრისწყალში ცხოვრობს და მესაქონლეობას მისდევს. მათაც სჭირდებათ, რომ სოფელში კარგი საძოვარი იყოს.

„ჩემი ოჯახიც, კასრისწყლელთა 80-90%-ის მსგავსად, ამ საძოვარზეა დამოკიდებული.  ვინახავთ საქონელს და ამით ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრება და შემოსავალი ამაზეა აწყობილი. ახლა ზაფხულია და ჩვენთან ძალიან ცხელა. ბალახიც გადახმა. ნარმოდებულ ადგილებზე, როგორიც ეს საძოვარი იყო, ძროხა ვერ ძოვს, თითქმის მშიერი ბრუნდება. არ აქვს რძე“, –  ამბობს ალექსი.

არადა, აქაურებს ძირითადი შემოსავალი რძისა და ყველის წარმოებით აქვთ, შეიძლება საქონელი ცოცხლად გაყიდონ, ან დაკლან და ხორცი გაყიდონ. მშიერი საქონელი, ცხადია, ვერც წონაში იმატებს.

„ჩვენს სოფელს კარგი საძოვარი სჭირდება. მე ბევრი ვიკითხე ამ თემაზე, მერე სპეციალისტებმაც აგვიხსნეს ტრენინგზე, რომ საძოვრის გაუმჯობესებით მინდროში ჩნდება მეტი პროდუქტიული ბალახი, რაც გაზრდის საქონლის წველადობას“, – ამბობს ზვიად ბუჩაიძე.

ჰანს კერხმაიერი ავსტრიელი ეკოლოგი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის კონსულტანტია. ის ივლისში იყო კასრისწყალში და რეკომენდაციები მისცა ახალგაზრდებს. ექსპერტის აზრით, ნაკვეთი იმდენად დეგრადირებულია, რომ ორი წელი მისი გამოყენება დაუშვებელია.

შემოღობილ ნაკვეთზე ესპარსეთი დაითესა, ეს გაზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას და ხელს შეუწყობს საფურაჟე მასალის კვებითი ღირებულების გაზრდას.

„სოფელში ფიქრობენ, რომ ამ გზით საძოვრების შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. უკეთესი საძოვარი მეტ რძესა და უკეთეს საქონელს ნიშნავს, ეს კი მესაქონლეების შემოსავალზე აისახება“, – ამბობს ზვიად ბუჩაიძე.

კასრისწყლელების დიდ ნაწილს მიაჩნია, მოსახლეობა რომ დარჩეს და სოფელი შენარჩუნდეს, ხელისუფლების მხარდაჭერაა აუცილებელი. სოფელი ზღვის დონიდან დაახლოებით 500 მეტრზე მდებარეობს, თუმცა, აქაურები საზღვრისპირა და შორეული სოფლისთვის გამონაკლისის სახით მაღალმთიანი დასახლების სტატუსსა და ამ სტატუსით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობას ითხოვენ.

ზოგი ხვდება, რომ შეღავათაბზე და დახმარებაზე მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია: საძოვრების მართვას კანონმდებლობის ხელშეწყობაც სჭირდება. პროექტის ფარგლებში,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და გერმანიის ტენიკური თანამშრომლობის პროგრამასთან ერთად, საძოვრების მართვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის დოკუმენტებზე მუშაობაც მიმდინარეობს.

ახალგაზრდები კი მხოლოდ ხელისუფლებას არ უყურებენ, უკვე ზრუნავენ სოფლის საძოვრებზე და ამ გზით უწყობენ ხელს საკუთარი სოფლის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები