რა შემთხვევაში დაინიშნება მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები?

1150

წინა სტატია

როგორც ცნობილია, გუშინ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს. მას ბრალად “მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირის მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა” ედება, რაც თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით ისჯება. აბაზოვს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა, ხოლო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამის გამო მარნეული, ფაქტობრივად, მერის გარეშე დარჩა. მისი მოვალეობა, კანონმდებლობის შესაბამისად, მერის პირველმა მოადგილემ, ხოლო თუ პირველი მოადგილე არ ჰყავს, მოადგილემ უნდა შეასრულოს.

ამ ეტაპზე აბაზოვის უფლებამოსილება შეუჩერდება

უკვე ხვალიდან აბაზოვს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მკაფიოდ მიჯნავს, თუ როდის უჩერდება მერს უფლებამოსილება და როდის – უწყდება. კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად,  მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაა. საკრებულომ აბაზოვისთვის უფლებამოსილების შეჩერება ცნობად უნდა მიიღოს და შესაბამისი საოქმო ჩანაწერიც გააკეთოს.

ამ შემთხვევაში, მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების ვადა პატიმრობის ვადით განისაზღვრება.

თუმცა, თუ მოგვიანებით აბაზოვის მიმართ მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება, ან აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდება, ანდა საბოლოოდ სასამართლო მის მიმართ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, მას, თუ მისი უფლებამოსილების ვადა გასული არ არის, მერის უფლებამოსილება აღუდგება და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რა შემთხვევაში შეუწყდება აბაზოვს უფლებამოსილება?

რაც შეეხება თემურ აბაზოვისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ამასაც კანონმდებლობა მკაფიოდ საზღვრავს. “ადგილობრივი თვითმმართვლობის კოდექსის” თანახმად, მერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის
სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლაა.

ანუ აბაზოვს უფლებამოსილება მხოლოდ მას შემდეგ შეუწყდება, რაც მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს საბოლოო ინსტანციის სასამართლო გამოიტანს. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ კი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა მიიღოს.

როდის შეიძლება დაინიშნოს მარნეულში რიგგარეშე არჩევნები?

იმ შემთხვევაში, თუ აბაზოვს საბოლოო ინსტანციის სასამართლოც დამნაშავედ ცნობს და ამის გამო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ცესკო შესაბამის განკარგულებას გამოსცემს.

“საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები ტარდება მაისში ან ოქტომბერში. თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდება, რიგგარეშე არჩევნები იმავე წლის ოქტომბერში ჩატარდება, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდება − უახლოეს მაისში.

შესაბამისად, მარნეულში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დრო იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის გამოიტანს საბოლოო ინსტანციის სასამართლო აბაზოვის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალარჩეული მერის უფლებამოსილების ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით განისაზღვრება. ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.

“საარჩევნო კოდექსით”, არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა, ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.