ბორჯომში ყოველ შაბათ-კვირას დასუფთავების სამუშაოები მოეწყობა

629

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ ახალი ინიციატივით, ყოველ შაბათ-კვირას, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, კონკრეტულ დასახლებასა თუ უბანში დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მოეწყობა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინიციატივის განხორციელება გასულ შაბათს ყოფილ სანატორიუმ „მთის ხეობიდან“ დაიწყო.

 „აქციის გამართვამდე 1 კვირით ადრე ადგილობრივებს წერილობით ვაცნობეთ, გავაკარით განცხადებები, დიდი მადლობა ყველა მობინადრეს, რომელიც დაუზარებლად ჩაერთო აქციაში. ნამდვილად არ ველოდით ასეთ აქტიურობას, ვიმედოვნებთ, რომ სხვა დასახლებებშიც ასეთივე დაინტერესება და ჩართულობა იქნება მოსახლეობის“- აღნიშნა სამსახურის უფროსმა დავით ზაალიშვილმა. 

მისივე თქმით, ახალი ინიციატივა პირველ რიგში ბორჯომის სუფთა ქალაქად გადაქცევასა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების საქმეში ადგილობრივების თანამონაწილეობას გულისხმობს. 

ქალაქის სხვადასხვა უბანში დასუფთავების ურეცედენტო სამუშაოები 2 თვის წინ დაიწყო. წლობით დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ჩირგვებისა და მიწისაგან სრულად გაიწმინდა და დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური გზები და შიდა უბნები. ამ მიმართულებით სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ გრძელდება.