ახალციხეში 5 წლამდე ბავშვების უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

627

ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა მოამზადა პეტიცია, რომლითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 5 წლამდე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კვლევას და მკურნალობის ხარჯების დაფარვას მოითხოვენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ცენტრმა პეტიცია ახალციხის საკრებულოს უკვე გააცნო. ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 0–დან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს: „ამ ასაკის ბავშვებისთვის ახლა მხოლოდ ანალიზების გაკეთებაა შესაძლებელი. იქნებ ჩვენმა პეტიციამ შედეგი გამოიღოს და სრულად დააფინანსონ როგორც გამოკვლევები, ისე ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა“.

პეტიცია, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაზე 19 თებერვალს შეიქმნა. იმისათვის, რომ მთავრობამ განიხილოს, მან 10 000 ხელმოწერა უნდა დააგროვოს.