მარტვილის მერი: არავითარი პოლიტიკური კრიზისი მარტვილში არ არის!

1033

წინა სტატია

მარტვილის მერი ალექსანდრე გრიგალავა უარყოფს მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ოთარ დანელიას განცხადებას, თითქოს მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება. მას უკვირს, რა მიზეზით ან მიზნით გააკეთა დანელიამ ეს განცხადება, რადგან მსგავსი არაფერი ხდება. გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მაჟორიტარს შორის უთანხმოებაა. გრიგალავა droa.ge-ს ამ კითხვაზე მოკლედ პასუხობს.

ალექსანდრე გრიგალავა:

– არ მომისმენია ოთარ დანელიას განცხადება. არავითარი პოლიტიკური კრიზისი მარტვილში არ არის, ჩვეულებრივი მუშა პროცესი გვაქვს, როგორც ყოველთვის. დანარჩენი, რაში ხედავს პოლიტიკურ კრიზისს, რა ფაქტების გამო აკეთებს ბატონი ოთარი ამ განცხადებას, მას უნდა ჰკითხოთ, ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ.

– უთანხმოება ხომ არ გაქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, რის გამოც შეიძლება ეს განცხადება გაეკეთებინა?

– ჩემი მხრიდან არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ მაქვს. ყოველთვის მზად ვართ ბატონ ოთართან თანამშრომლობისთვის. რადგან ასე გადაწყვიტა, რომ დაძაბული სიტუაციაა და ამას თვითონ იძახის, მაშინ თვითონვე უნდა გასცეს პასუხი, რას გულისხმობს. ჩემგან მას არანაირი დაძაბული სიტუაცია არ აქვს. არც პარტიის წევრებთან და არც უმრავლესობასთან. რატომ ფიქრობს ბატონი ოთარი ასე, არ ვიცი. ძალიან გამიკვირდა ეს განცხადება, ვინაიდან ის სხვა კუთხით უნდა იქცეოდეს მუნიციპალიტეტთან მიმართებით და ეს განცხადება ძალიან გასაოცარია.

შთაბეჭდილება მაინც ასეთია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევა უნდა…

– შეიძლება, არ ვიცი.

– თქვენ, პარალელურად, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხართ. პარტიაში ხომ არ ხდება რამე?

– მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს და რამე რომ ხდებოდეს, აუცილებლად მეცოდინებოდა, რადგან პარტიის წევრებთან და აქტივთან, როგორც თავმჯდომარეს, ხშირი ურთიერთობა მაქვს.

დღეს მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდება, რომელსაც პარტიის წევრებიც უწყობენ ხელს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჩარევა სთხოვა.