ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომელმა სასამართლო მოუგო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, საკრებულოს აპარატის თანამშრომელმა ნონა ლურსმანაშვილმა, პირველი ინსტანციის სასამართლო მოუგო. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საქმეზე სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს, 9 თებერვალს გაიმართა. ლურსმანაშვილი სასარჩელო მოთხოვნაში თავმჯდომარის მიერ დაწერილი გაფრთხილების ბათილად ცნობას ითხოვდა. იგი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს და გაფრთხილება დაუმსახურებლად, საპირფარეშოში გასვლის გამო დაუწერა.

მოსამართლე გია ბერაიამ ლურსმანაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრთხილება ბათილად ცნო.

მისი განმარტებით, ჩაჩანიძის გაფრთხილება უსაფუძვლოა, რადგან სამუშაო საათებში თანამშრომელს ოთახიდან გასვლის უფლება აქვს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არც ის არგუმენტები წარუდგენია, რატომ მისცა გაფრთხილება ლურსმანაშვილს.

არ იკვეთება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო მიცემული გაფრთხილება. თან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რამდენიმე წუთით დატოვოს თავისი სამუშაო ოთახი ისე, რომ საქმეს ზიანი არ მიაყენოს“, – განმარტა მოსამართლემ.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ზაზა ჩაჩანიძე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში: „ჩამბარდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, დეტალურად გავეცნობი და შემდეგ გადავწყვეტ რას ვიზამ“.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ნონა ლურსმანაშვილი, რომელმაც სასამართლოში საქმე მოიგო.

მსგავსი სიახლეები