ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან

751

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. ერთმა-ერთმა თანამშრომელმა კი მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საკრებულოს სპეციალისტი ნონა ლურსმანაშვილი სასამართლოსგან ჩაჩანიძის მიერ დაწერილი გაფრთხილების გაუქმებას ითხოვს.

„14 იანვარს დამიწერა გაფრთხილება, მაშინ, როდესაც საპირფარეშოში ვიყავი. მოვითხოვე საქმის წარმოების მასალები გადმოეცა, მაინტერესებდა რის საფუძველზე დაწერა. არ გამცეს პასუხი, ამიტომ, ათი დღის შემდეგ სასამართლოში შევიტანე სარჩელი“, – ამბობს ნონა ლურსმანაშვილი და დასძენს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას იმის გამო ავიწროებს, რომ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი არ არის. ლურსმანაშვილი ამბობს, რომ საკრებულოში ფუნქცია არ აქვს, მანამდე კი ქალთა საკითხებზე მუშაობდა.

საკრებულოს თავმდჯომარეს შევიწროებაში ადანაშაულებს ნატა კოპაძეც. კოპაძე ამბობს, რომ ზაზა ჩაჩანიძემ თანამშრომელთა რანგირების დროს, სპეციალურად მიანიჭა ყველაზე დაბალი საფეხური: „პირველ რანგი ახლობლებს, მეგობრებსა და პარტიის მხარდამჭერებს მიანიჭეს. მუშაობა რომ დავიწყე, წამყვანი სპეციალისტი ვიყავი, ახლა ორი რაგნით ჩამომწია და უმცროსი სპეციალისტი გამხადა. არანაირი ფუნქცია არ მაქვს, არც საკრებულოს სხდომაზე მეძახიან“.

ლურსმანაშვილმა და მასთან ერთად სხვა ოთხმა თანამშრომელმა, თავმჯდომარის მხრიდან შევიწროების შესახებ საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სახელზე, წერილიც გააგზავნეს.

„ჩაჩანიძე თანამშრომლებს არაეთიკურად ექცევა. უხეშად და უწმაწური სიტყვებით მიმართავს. გადრა ამისა, საჯარო მოხელეებს იბარებს სამუშაო კაბინეტში და საკმაოდ გამომწვევად და ცინიკურად ესაუბრება. პარალელურად, საყვედურის დაწერით ემუქრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი გადაცდომა არ აქვთ.ყველა თანამშრომელს ჩამოართვა პერსონალური კომპიუტერი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, პარალიზებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ბატონო ირაკლი, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ“, – ნათქვამია პარლამენტში თვენახევრის წინ, 18 დეკემბერს გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ხუთი თანამშრომელი აწერს.

თავად საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამშრომლების ბრალდებებზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

“სამჯერ იყო შემთხვევა, როცა არ იჯდა თავის ადგილზე(ნონა ლურსმანაშვილი). თვითონ რას ამბობს, არ ვიცი. ვისაც პრეტენზია აქვს, მიმართოს სასამართლოს. თუ ფიქრობენ, რომ ტყუილად არიან, წავიდნენ სახლში, ბიუჯეტის ფული დაიზოგება. თავადვე აღიარებენ საქმე არ გვაქვსო და მე რა კომენტარი გავაკეთო?!“ – აცხადებს ჩაჩანიძე.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, სასამართლომ ნონა ლურსმანაშვილის სარჩელი წარმოებაში მიიღო, თუმცა სხდომა ჯერ დანიშნული არ არის.