ოზურგეთში მერის არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო

ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. შარაშენიძემ “ქართული ოცნების” კანდიდატს, ბეგრალ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით შარაშენიძეს 50.11% აქვს, სიორიძეს კი – 49.89%.

ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე საათით გაჭიანურდა, რამაც შარაშენიძის მომხრეებს გაუჩინა ეჭვი, რომ ხმის დათვლის პროცესი ყალბდებოდა. განსაკუთრებით, ეს ეხებოდა ნასაკირალის 59-ე უბანს, საიდანაც შემაჯამებელი ოქმი საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ცოტა ხნის წინ შევიდა.

ამ უბნის შემაჯამებელი ოქმის შედეგების ბათილად ცნობას და უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს “ქართული ოცნება”. პარტიის წევრთა ინფორმაციით, უბანზე კენჭისყრის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. სწორედ ნასაკირალის ეს უბანი გახდა გადამწყვეტი არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად.

ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – “სამართლიანმა არჩევნებმა” გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ნასაკირალის საარჩევნო უბნის შედეგები არ უნდა გაუქმდეს, ვინაიდან საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

“ნასაკირალის #59-ე უბანზე, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოლქის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობით. (ყველა კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს და თუ რაიმეს არ ეთანხმება, განსხვავებული აზრი დააფიქსიროს.)

ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა”, – წერია განცხადებაში.

12 ნოემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, მარტვილსა და ყაზბეგში გაიმართა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ხუთში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთში კი, ოზურგეთში, არჩევნები დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა, რა დროსაც 64 მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებმა საკრებულოს წევრები და მერები აირჩიეს, მათგან მხოლოდ 5-ში კი, მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად, მეორე ტური დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები