მიხეილ ბენიძე: „გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირებზე, რომლებმაც საარჩევნო კანონი დაარღვიეს, ადეკვატური სანქციები არ ვრცელდება“

დეზინფორმაციის კამპანიები სოციალურ ქსელებში, კანდიდატებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, ინტერესთა კონფლიქტი საარჩევნო ადმინისტრაციებში, ეს ის პრობლემებია, რაც ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ – „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგისას გამოავლინა. როგორია წინასაარჩევვნო გარემო ქვეყანაში, რა გეგმები აქვს ორგანიზაციას არჩევნების დღეს და რას ელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან, ამასთან დაკავშირებით droa.ge „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორს, მიხეილ ბენიძეს ესაუბრა:

„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო გარემოს 24 ივლისიდან აკვირდებ. როგორია წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში და ეძლევა თუ არა ყველა საარჩევნო სუბიექტს კამპანიის თავისუფლად წარმართვის საშუალება?

– დიახ, 24 ივლისიდან ჩვენი დამკვირვებლები მთელი საქართველოს მაშტაბით აკვირდებიან საარჩევნო გარემოს. წელს 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავს მივლენილი ყველა საარჩევნო ოლქში, რომლებიც აკვირდებიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას ადგილობრივ დონეზე, ისე პოლიტიკური პარტიების აქტივობებს, მათ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ივლისი-აგვისტოს პერიოდში აქტიურობა მინიმალური იყო, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიები თითქმის არსად აქტიურ ფაზაში შესული არ იყო. ამ პერიოდში მხოლოდ თბილისი იყო გამოკვეთილი, სადაც  კანდიდატების შესახებ ცნობილი იყო და მათ უკვე დაწყებული ქონდათ საარჩევნო შეხვედრები. სექტემბრიდან კამპანია უკვე გააქტიურებულია და შემიძლია ვთქვა, რომ, ძირითადად, მშვიდად მიმდინარეობს. განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ინციდენტების მაღალი რიცხვი არ არის, თუმცა, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ტენდენციები გვაქვს.

ზაფხულის თვეებში ჩვენს ყურადღებას იქცევდა საბიუჯეტო ცვლილებები მუნიციპალიტეტებში. დაახლოებით 40 მუნიციპალიტეტში აღმოვაჩინეთ, რომ გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტები, განსაკუთრებით გაიზარდა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხარჯვა. თქვენ იცით, ალბათ, რომ არჩევნების გამო ბიუჯეტებში ცვლილების შეტანა 22 აგვისტოდან უკვე ოფიციალურად აიკრძალა, მაგრამ მანამდე ძალიან ბევრმა მუნიციპალიტეტმა შეცვალა ბიუჯეტი. სამართლებრივად ეს დარღვევა არ იყო, მაგრამ საინტერესო ტენდენცია გახლდათ. ეს სხვა არჩევნების დროსაც ხდებოდა, რაც იმას აჩვენებს, რომ ადგილობრივი საბიუჯეტო რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდისთვის გამოიყენება. ასევე, ხშირად იზრდება სოციალური პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობა, რაც, თავისთავად, პრობლემა არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საარჩევნოდ დაგეგმილი ღონისძიებების შთაბეჭდილებას ტოვებს.

მეორე საინტერესო ტენდენცია რაც გამოიკვეთა, არის ე.წ. „დეზინფორმაციის კამპანია“ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით, თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ასევე ვხედავთ გარკვეულ ტენდენციებს საარჩევნო ადმინისტრაციაში ინტერესთა კონფლიქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჩვენს შუალედურ ანგარიშშიც ვსაუბრობთ.

– უფრო კონკრეტულად, რა დარღვევები დააფიქსირეს თქვენმა მონიტორებმა წინასაარჩევნო პერიოდში?

დარღვევების მხრივ კვლავ პრობლემად რჩება ზეწოლა-მუქარის ფაქტები. ოპოზიციის კანდიდატებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აშინებენ, აიძულებენ, მოხსნან კანდიდატურები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. მსგავსი ზეწოლები, კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, უფრო შესამჩნევი გახდა. ასევე, გვხვდება ამომრჩეველთა ნების საწინააღდეგოდ მობილიზების ფაქტები. ეს ეხება როგორც საჯარო მოხელეებს, ისე, რიგ შემთხვევაში, სხვა მოქალაქეებსაც. მაგალითად, „ქართული ოცნების“ ღონისძიებებზე დამსწრე პირებს ჩვენი დამკვირვებლებისთვის აქვთ გაცხადებული, რომ ისინი საკუთარი სურვილით არ იმყოფებიან ამ ღონისძიებაზე და, გარკვეულწილად, იძულებით მიიყვანეს. ცხადია, ეს ადამიანები ძალის გამოყენებით არ მიუყვანიათ, მაგრამ თანამდებობის პირის მითითება, ან ზოგადი განცხადებაც კი, რომ ამა თუ იმ ღონისძიებას უნდა დაესწრონ, ზეგავლენის მოსახდენად უკვე საკმარისია. წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა სავარაუდოდ ასეთ ღონისძიებაზე დაუსწრებლობის შემდეგ, მოხელეები გაათავისუფლეს სამსახურიდან, ან მოქალაქეებს სოციალური დამხარება მოუხსნეს. ამიტომაც, ბუნებრივია, ამას ყველა აღიქვამს, როგორც მითითებას, რომ აუცილებლად უნდა დაესწრონ ამა თუ იმ ღონისძიებას.

ჩვენ ასეთ დროს ვცდილობთ, ინფორმაცია მაქსიმალურად გადავამოწმოთ. დასადგენად ვუკავშირდებით სხვადასხვა მხარეს, ვინც შეიძლება კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყოს. უმეტეს შემთხევავში კი, ვცდილობთ, რომ თავად მოქალაქეებისგან მოვიპოვოთ განცხადება, შემდეგ ამას ჩვენს ანგარიშებში ავსახავთ. დარღვევების სპეციფიკის გათვალისწინებით კი, შესაბამისი განხილვის მიზნით, მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას ან საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ან საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში უკანონო აგიტაციის ფაქტებს ეხება. ვცდილობთ, რომ ასეთ ფაქტებზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება მოახდინონ.

საარჩევნო დარღვევებზე რეაგირებას სწორედ თქვენ მიერ ნახსენები ეს ორი უწყება უნდა ახდენდეს. როგორ შეაფასებთ მათ საქმიანობას, უმკლავდებიან გამოწვევებს?

– უწყებათაშორისი კომისია და ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასაარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი აქტორები არიან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა გაზრდილია და მათი გამჭირვალობის ხარისხიც შედარებით მაღალია, რაც, საბოლოო ჯამში, არჩევნების უკეთ ჩატარებაზე აისახება, მაგრამ ხშირად მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბევრ იმ დარღვევაზე, რომელთა შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, საარჩევნო ადმინისტრაცია ეფექტურ რეაგირებას ვერ ახდენს.

მაგალითად, როდესაც ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამუშაო საათებში ეწეოდა აგიტაციას და რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების სახელით განცხადებას აკეთებდა, რომ ისინი მხარს უჭერენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რეაგირება არასათანადო იყო. გარდა იმისა, რომ საჯარო მოხელეს სამუშაო საათებში ეკრძალება აგიტაციის გაწევა, ჩვენი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელი პედაგოგებში მიიჩნევა ერთგვარი მიმართულების მიმცემ ავტორიტეტად და მისი მხრიდან ყვარლის საჯარო სკოლების სახელით გაკეთებული განცხადება, გარკვეულწილად, პირდაპირ მოწოდებას და მითითებას წარმოადგენდა. ვფიქრობ, ის საკუთარ უფლებამოსილებას და თანამდებობას იყენებდა იმისათვის, რომ პედაგოგებისთვის მიეთითებინა, თუ ვის უნდა მისცენ ხმა. როდესაც ამ ფაქტზე ჩვენ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივარი შევიტანეთ, მან, ფაქტობრივად, პრობლემა ვერ დაინახა და განაცხადა, რომ პირადი ფეისბუქ-სივრცის რეგულირებას ვერ შეძლებს, რაც, ვფიქრობ, არასწორია. ფეისბუქი და, ზოგადად, ონლაინსივრცე ადამიანის ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. ამიტომაც აგიტაცია, როგორც სააჯარო, ისე ონლაინ სივრცეში ერთსა და იმავე რეგულაციებს  უნდა ექვემდებარებოდეს. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ამ დარღვევის აღკვეთა და  მსგავსი დარღვევების სამომავლო პრევენცია.

სამაგიეროდ, ვნახეთ, მაგალითად, სოფელ სხეფის სკოლის დაჯარიმებული მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებსაც „ქართული ოცნების“ დროშები ჰქონდათ. მე არ ვიცი, ეს დროშები შემთხვევით მოხვდა იქ თუ პედაგოგმა მიიტანა, ეს ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არც იმას ვამბობ, რომ ეს დარღვევა არ იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მასწავლებელთან დაკავშირებით ცესკო საკმაოდ მკაცრი იყო. პრობლემა არის ის, რომ რიგით მასწავლებელთან მიმართებით საარჩევნო ადმინისტრაცია სიმკაცრეს იჩენს, მაგრამ სამაგიეროდ, გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირები, პრაქტიკულად, ადეკვატური რეაგირებისა და სანქციების გარეშე რჩებიან. მასწავლებელი საჯარო მოხელე არ არის, მაგრამ რესურსცენტრის ხელმძღვანელი საჯარო მოხელეა, რომელიც, შესაძლოა, იყოს კიდეც მიზეზი ისეთი სისტემის შექმნისა, სადაც მასწავლებლებს დროშების ფონზე გამოჩენა უწევთ.

შემიძლია ვთქვა, რომ უწყებათაშორის კომისიას ამავე ფაქტთან დაკავშირებით საკმაოდ ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა. მან გამოსცა რეკომენდაცია და მოუწოდა საჯარო მოხელეებს, რომ არა მხოლოდ საჯარო, არამედ ონლაინ სივრცეში აგიტაციის გაწევისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით, სამუშაო საათებში, ასრულებენ საჯარო მოვალეობას და წარმოადგენენ სახელმწიფო სექტორებს. თუმცა, აქ სხვა პრობლემა გვაქვს – შესაძლოა, უწყებათაშორისი კომისია რიგ დარღვევებზე ჯანსაღ პოზიციას იკავებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ გააჩნია რაიმე ეფექტური მექანიზმი იმისათვის, რომ საკუთარი რეკომენდაციების შესრულებას გაუწიოს მონიტორინგი, ან მისი არშესრულების შემთხვევაში, სანქციის სახით ვინმეს პასუხისმგებლობა დააყენოს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ორგანიზაცია, თავისი რეკომენდაციებით, გარკვეულ პოზიტიურ ჩარჩოს ადგენს საარჩევნო პროცესისათვის.

ორგანიზაცია წლების მანძილზე აკვირდება არჩევნებს. რით განსხვავდება წინამორბედი არჩევნები მიმდინარე არჩევნებისგან?

– საარჩევნო კუთხით ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევები დგას, შესაბამისად, რთულია, ერთი არჩევნები მეორეს შეადარო, მაგრამ ზოგად ტენცენციას თუ შევხედავთ და გავიხსენებთ 2012 წლის არჩევნებს, რომელიც საკმაოდ დაძაბული იყო, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისა და ზეწოლა-მუქარის ძალიან დიდი რაოდენობის შემთხვევებით, დღეს ასეთი დოზით ასეთ ტენდენციას ვერ ვხედავთ, თუმცა, სამწუხაროა, რომ იმავე პრობლემებზე – მაგალითად, ზეწოლა-მუქარის შემთხვევებზე თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბარი კვლავაც გვიწევს. მსგავსი შემთხვევები, არა იმ დოზით, მაგრამ კვლავაც არის და ეს პრობლემაა.

– გხვდებათ თუ არა დარღვევები, რომლებსაც სამართლებრივად დარღვევის კვალიფიკაცია შესაძლოა, ვერ მიენიჭოს, მაგრამ ის, რეალურად, არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის?

– გვქონია მსგავსი შემთხვევა, რომელიც გამოწვეული იყო სწორედ იმის გამო, რომ, ჩვენი აზრით, საარჩევნო ადმინისტრაცია არ მიუდგა ადკვატურად და ძალიან ვიწროდ განმარტა ესა თუ ის ნორმა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დარღვევები კვალიფიცირდებოდა და შესაძლებელი იყო მათზე, როგორც დარღვევაზე, ადკვატური რეაგირება, თუ მას საარჩევნო ადმინისტრაცია ან აუდიტის სამსახური ფართო კონტექსტში განიხილავდა.

ბოლო პერიოდში ახალი გამოწვევები გვხვდება, მათ შორის არის სოციალური ქსელები, ახალი ტექნოლოგიები და, ასევე, უფრო ფარული გზები, რომელსაც საარჩევნო პროცესზე გავლენისთვის იყენებენ. მასში შეიძლება ჩართული იყოს ხელისუფლება, ოპოზიცია ან, რიგ შემთხვევაში, გარე ძალები. პრობლემა არის, მაგალითად, დეზინფორმაციის კამპანია სოციალურ ქსელში. პრობლემა აქ ის კი არ არის, რომ ვიღაც დისკრედიტაციის პოსტებს დებს, ან ვიღაცის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, არამედ ის, რომ ასეთი პოსტები დასპონსორებულია, ანუ არის კამპანიის ნაწილი, ამაზე იხარჯება ფული და ეს არის შემოწირულობა, რომელიც ოფიციალურად აუდიტის სამსახურში დეკლარირებული არ არის. აუდიტის სამსახური პრაქტიკულად ვერ ახერხებს რომ ეფექტურად შეისწავლოს, თუ ვინ დგას იმ გვერდების უკან, ვინ აფინანსებს, არის თუ არა ეს შემოწირულობებში ასახული,რადგან ასეთი სახის შემოწირულობებზე ადკვატური რეაგირების მექანიზმები და მეთოდოლოგია, პრაქტიკულად, არ არსებობს.

– გამოდის, რომ დარღვევაზე, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებზე, რეაგირება ვერ ხერხდება…

– თუ ვსაუბრობთ ამ ახალი ტექნოლოგიების გავლენით ახალი ტიპის დარღვევებზე, კი, შეიძლება პრინციპის დონეზე დარღვევად ჩაითვალოს, მაგრამ რთული იყოს რეაგირება. დეზინფორმაციის კამპანია არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ეს პრობლემაა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებშიც. ეს გლობალური გამოწვევაა, რომლის პრევენციის მექანიზმებიც შესამუშავებელია. მაგალითად, ფეისბუქის დამაარსებელმა თქვა კიდეც, რომ უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომელიც პოლიტიკური რეკლამისთვის ფინანსების შედინებას უფრო გამჭვირვალეს გახდის. მეორე საკითხია ის დარღვევები, რომელიც სულაც არ წარმოადგნს მაინცდამაინც ახალი ტექნოლოგიების შემოსვლით განპირობებულ დარღვევებს, მაგრამ სადავოა. თუ კონკრეტულ ფაქტს ვიწრო ჭრილში, მხოლოდ კონკრეტული მუხლის შესაბამისად განმარტავ, შეიძლება, საარჩევნო ადმინისტრაციამ, სასამართლომ ან აუდიტის სამსახურმა დარღვევა ვერ დაინახოს, მაგრამ, თუ სურათს გლობალურად შევხედავთ, დარღვევას დავინახავთ. რიგ შემთხვევებში ეს უწყებები ვერ ხედავენ ამ დიდ სურათს, რომელიც ცალსახად მიუთითებს რაღაც პრინციპის უგულებელყოფაზე, იმ პრინციპის დარღვევაზე, რომელიც საარჩევნო პრიცესს ვნებს.

– შეიძლება ასეთად განვიხილოთ ერთი კვირის წინ თბილისში ჩატარებული საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც, ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატიც მონაწილეობდა?

– ეს არის ერთ-ერთი ის ღონისძიება, რომელმაც დავა გამოიწვია. ასეთი სახის ღონისძიებებს რამდენიმე დარღვევის რისკი ახლავს. საქართველოს კანონმდებლობით, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. ეს კონკრეტული მატჩი არ ყოფილა რომელიმე კონკრეტული საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული, მაგრამ თავისთავად ასეთი აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ  საქველმოქმედო საქმიანობის და საარჩევნო კამპანიის დისტანცირება უნდა მოხდეს. ამიტომ შეიქმნა გარკვეული კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, იყო ეს საქველმოქმედო მატჩი, თუ საარჩევნო ღონისძიება. მატჩის ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაცია ამბობდა, რომ ეს არ არის წინასაარჩევო ღონისძიება, მაგრამ, როცა კანდიდატი მონაწილეობს მსგავს ღონისძიებაში, იქმნება ძალიან დიდი რისკი, რომ ეს აღიქმება, როგორც წინასაარჩევნო აგიტაცია. მით უმეტეს, რომ “საარჩევნო კოდექსი” აგიტაციას საკმაოდ ფართოდ განმარტავს. მეორე იყო ის, რომ ამას, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკები ჰქონოდა და ეს საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია. ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, ეს არ იყო სახელმწიფო ხარჯებით დაფინანსებული ღონისძიება, მაგრამ გარდა ფინანსური რესურსისა, დაიხარჯა ადამიანური რესურსიც, იმ ადამიანების დრო, რომელებიც ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ. ეს კი ადმინისტრაციული რესურსია. ასევე, იმის პრობლემაც იდგა, რომ, შესაძლებელი იყო, უცხოელებს აგიტაცია გაეწიათ.

– ჩვენ ვნახეთ შევჩენკოს განცხადება, რომელიც წარმატებას უსურვებდა კახა კალაძეს…

– დიახ, ასე იყო. ასევე, ინსტაგრამზე დაიდო სხვა უცხოელი ფეხბურთელების სურათები, სადაც ისინი მხარდაჭერას უცხადებდნენ კახა კალაძეს და, წერდნენ რომ მის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. აქაც, ასევე, არის კონფლიქტი საარჩევნო კანონმდებლობასთან, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია, საქართველოში აგიტაცია გასწიოს.

– შეიძლება, შევჩენკოს განცხადება აგიტაციად მივიჩნიოთ?

– ეს განცხადება ცალსახად შეიცავდა აგიტაციის ნიშნებს. ამ საკითხზე საჩივარია შესული საარჩევნო ადმინისტრაციაში და ვნახოთ, რა განმარტებას გააკეთებს ის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით მმართველი პარტიის კანდიდატს, რომ დისტანცირება მოეხდინა ამ ღონისძიებისგან. ცხადია ამ მატჩის მიზანი ძალიან კეთილშობილური და მისასალმებელია, მაგრამ მისი გამართვა არჩევნების შემდეგაც შეიძლებოდა. სწორედ ის, რომ მატჩი გაიმართა წინასაარჩევნო პერიოდში, მისი ორგანიზება მოხდა ძალიან სწრაფად და მასში მონაწილობდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, უფრო ამყარებს იმ ეჭვებს, რომ ეს იყო სწორედ აგიტაცია. მაგალითად, შარშან, როდესაც პაატა ბურჭულაძე საარჩევნო პროცესში იყო ჩართული და ერთ-ერთი კანდიდატი გახლდათ, ფონდმა „იავნანამ“ გამართა საქველმოქმედო ღონისძიება, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იქ არც ბატონი პაატას სახელი უხსენებიათ და არც თავად გამოჩენილა ღონისძიებაზე. მაშინ ფორმალურად მაინც მოხდა იმ ნორმის დაცვა და კანონის დონეზე, ბატონი პაატას დისტანცირებით, ამ ღონისძიებისგან განსხვავებით, იქ დაღვევის რაიმე ნიშნები არ ყოფილა.

– თუ ცესკომ იმსჯელა და ფეხბურთელების განცხადებები დარღვევად  ჩათვალა, რა სანქციები დაეკისრებათ მათ?

– აგიტაციაში უკანონოდ მონაწილობა 2 ათასი ლარის ოდნობით ჯარიმდება. თუმცა, აქ სხვა პრობლემა დგას. მაგალითად, შარშან გვქონდა მსგავსი ფაქტი, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე – მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილობდა. სამწუხაროდ, ამ ფაქტს ადკევატური რეაგირება არ მოჰყოლია. საარჩევნო ადმინისტრაციის არგუმენტი იყო ის, რომ საარჩევნო კამპანიისას ვიდეო ჩართვები საქართველოს ფარგლებს გარედან ხორციელდებოდა, ამიტომ მასზე ადეკვატური რეაგირების მექანიზმი არ არსებობდა. წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, იგივე შეიძლება მოხდეს ფეხბურთელების შემთხვევაშიც.

– როგორ იმუშავებს თქვენი ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღეს? რამდენი მონიტორი გეყოლებათ, რამდენ უბანს დააკვირდებით და გექნებათ თუ არა კვლავაც ხმების პარალელური დათვლა?

– არჩევნების დღეს 1200-მდე დამკვირვებელი ყველა ოლქსა და მუნიციპალიტეტში გვყოლება. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია გვექნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფასოთ, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი. გარდა ამისა, ხუთ თვითმმართველ ქალაქში, ასევე, ახალციხესა და მარნეულში ვაწარმოებთ ხმების პარალელურ დათვლას. თვითმმართველი ქალაქების გარდა, გადავწყვიტეთ, კონცენტრირებული ვიყოთ უმცირესობით დასახლებულ რეგიონებზე, რადგან, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რეგიონები ხშირად პრობლემურია და  დარღვევების რისკები მაღალია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ ოლქებს ყურადღება მიექცეს.

– წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, რას ელით არჩევნების დღეს? რამდენად მშვიდად და მინიმალური დარღვევებით ჩაივლის არჩევნები?

– წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, ბოლო პერიოდში არჩევნების დღე ისეთი დრამატული აღარ არის ხოლმემ როგორც ადრე. წინასაარჩევნო პრიოდში უფრო მეტი პრობლემა გვხვდება, ვიდრე უშუალოდ არჩევნების დღეს, ამიტომ არა მგონია, არჩევნებმა დრამატულად ჩაიაროს, თუმცა, შესაძლოა, ცალკეულ ოლქებში გარკვეული ინციდენტები მოხდეს. ამას, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ. შარშან, საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან ბევრი პროცესუალური დარღვევა გამოვლინდა, რაც ჩვენც და სხვა ორგანიზაციებმაც კრიტიკულად შევაფასეთ. იმედი მაქვს, წელს დარღვევები უფრო ნაკლები იქნება. თუ ასეთი დარღვევები ისევ დაფიქსირდა, ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ადკვატური რეაქცია.

შეგიძლიათ, გაეცნოთ, “სამართლიანი არჩევნების” შუალედურ ანგარიშებს:

“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში 

“სამართლიანი არჩევნების” წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში 

მსგავსი სიახლეები